ქუთაისში საცურაო აუზი შესაძლოა
პარლამენტის მიმდებარედ აშენდეს. როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ განაცხადა, მშენებლობისთვის შერჩეულია ადგილები.
“ქუთაისი დაიბრუნებს წყლის სპორტის დედაქალაქის სტატუსსაც. აუზისთვის არის შერჩეული ადგილი. ეს გახლავთ, დაახლოებით პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია. ტენდერი თუ არ არის გამოცხადებული ამ კვირის განმავლობაში გამოცხადდება.” – განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ “ტვ პირველის ” ეთერში საუბრისას.
ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის აშენების შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში ვიზიტისას გააკეთა. მისივე განცხადებით, აუზი ნებისმიერი ტიპის ტურნირის მასპინძლობას შეძლებს.