“ტორპედომ”, როგორც მასპინძელმა კლუბმა,
“ლუდოგორეცთან” მატჩის ტრანსლაციის უფლებები “სილქ უნივერსალს” გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ გუნდის პრესსამსახური ავრცელებს. ტელეკომპანია საქართველოსა და ბულგარეთში გასამართი მატჩების ტრანსლირებას უზრუნველყოფს.
“ჩვენთვის პრიორიტეტად იქცა ის, რომ აღნიშნულმა ტელეკომპანიამ ბულგარულ მხარესთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვით, განმეორებითი მატჩიც “სილქ უნივერსალის” ეთერში გავა, კლუბისთვის კი მნიშვნელოვანია, გულშემატკივარმა ორივე მატჩს უყუროს.
შესაბამისად, 23 აგვისტოს, 20:00 საათზე, ევროპალიგის პლეი-ოფის მატჩი “ტორპედოსა” და “ლუდოგორეცს” შორის “სილქ უნივერსალის” ეთერში გავა, რომელიც მთელ საქართველოში მაუწყებლობს. კომენტატორები ლუკა ხოჯავა და გიორგი პავლიაშვილი იქნებიან.”- წერია “ტორპედოს” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წინა თამაში “ტორპედო”-“კუკესი” არცერთ ქართულ არხს არ უჩვენებია. კლუბის განცხადებით ამის მიზეზი ის იყო, რომ სიგნალის შეძენაზე ქართულმა არხებმა უარი თქვეს. გუშინ “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” განცხადება გაავრცელა. არხმა კლუბი ტრანსლირების კომერციული მიზნით გამოყენებაში დაადანაშაულა. “პირველი არხი ასევე მზად არის, ყოველთვის უსასყიდლოდ მოემსახუროს საქართველოს გუნდებს და მათი მონაწილეობით ღონისძიებები უჩვენოს გულშემატკივარს.”- აღნიშნულია განცხადებაში.
“საზოგადოებრივი მაუწყებელი” “ტორპედოსაგან” 23 აგვისტოს გასამართი მატჩის ტრანსლირების შესახებ გადაწყვეტილებას ელოდებოდა, თუმცა გუნდმა მატჩის ტრანსლირების უფლებები “სილქ უნივერსალს” გადასცა.