საკალათბურთო გუნდი, “ქუთაისი 2010” ახალი სეზონისათვის მოლაპარაკებებს
“დინამოს” ყოფილ კაპიტანთან, ილია ლონდარიძესთან აწარმოებს.
ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ საკალათბურთო გუნდის გულშემატკივრები და აცხადებენ, რომ მათთვის კალათბურთელის გუნდში ხილვა მიუღებელია. მათივე თქმით, ლონდარიძე ქუთაისის მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდა.
“როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, “ქუთაისი 2010″ მოლაპარაკებებს აწარმოებს ილია ლონდარიძესთან. სასტიკად მიუღებელია ამ პიროვნების ჩვენს გუნდში ხილვა. იმედს ვიტოვებთ, რომ გუნდის ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს გულშემატკივართა აზრს და არ მოიყვანს ისეთ მოთამაშეს, რომელმაც მრავალჯერ მიაყენა შეურაცხყოფა ქუთაისელ გულშემატკივარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ამ გუნდის ნაწილი ვეღარ ვიქნებით,”-ნათქვამია “ქუთაისი 2010”-ის გულშემატკივართა ოფიციალურ გვერდზე.
საკალათბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი, კოტე ტუღუში აცხადებს, რომ კალათბურთელთან მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს. მისივე თქმით, შეუერთდება თუ არა “ქუთაისი 2010”-ის შემადგენლობას ილია ლონდარიძე ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
“ქუთაისი 2010″ ახალ სეზონს გადახალისებული შემადგენლობით შეხვდება. ეს გადაწყვეტილი ამბავი არ არის, თუმცა, მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს. ილია ლონდარიძის პროფესიონალიზმში მე ეჭვი არ მეპარება. ის საკმაოდ ძლიერი მოთამაშეა. ის ფაქტები, რასაც სამწუხაროდ ნამდვილად ჰქონდა ადგილი, დარბაზში უნდა დარჩეს. ის ისევე დაიცავს ქუთაისური გუნდის ღირსებას, როგორც სხვა გუნდების ღირსებას იცავდა. ის არის პროფესიონალი სპორტსმენი,”-განაცხადა კოტე ტუღუშმა.
ილია ლონდარიძემ პროფესიული კარიერა 2008 წელს დაიწყო.