17-19 მარტს, ნინო სალუქვაძის ტირში პნევმატური პისტოლეტიდან
სროლაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა.მასში თბილისის, ქუთაისისა და თელავის გუნდები მონაწილეობდნენ. ტურნირი ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა ქალებშიც და ვაჟებშიც – უფროსებსა და ახალგაზრდებში. შეჯიბრში მთლიანობაში 40 სპორტსმენი გამოვიდა – 20-20 ქალი და ვაჟი.
მედალოსნები მედლებით, დიპლომებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ. სალუქვაძის ტირში გამართულ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს დაესწრო, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი დოლაბერიძე. ჩემპიონატი ქალებში ახლებური სისტემით ჩატარდა – ვაჟთა მსგავსად, ადრინდელი 40-ის ნაცვლად, ამჯერად მათაც 60-ჯერ ისროლეს. 17 მარტს შეჯიბრება ქალთა ორივე ასაკში გაიმართა, 18-ში ვაჟები გაეჯიბრნენ ერთმანეთს, ჩემპიონატი კი 19-ში შერეულ წყვილთა შეჯიბრებით დასრულდა. ქალებში სენსაციურად დასრულდა უფროსთა ტურნირი, სადაც 567 ქულით ქუთაისელმა მარიამ ჩაგანავამ გაიმარჯვა. მეორეზე თბილისელი მეგი ქადაგიძე გავიდა 558-ით, თავად ნინო სალუქვაძე კი მესამე 555-ით.
გოგოებშიც ქუთაისელებმა გიმარჯვეს: ოქროს მედალი ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ნინო ხუციბერიძემ მოიპოვა 557 ქულით, ვერცხლის მედალიც ქუთაისელმა ლიზი კილაძემ 555-ით ქულით მოიპოვა, ბრინჯაოს კი თბილისელი მარიამ ღვინიაშვილი დაეუფლა 550 ქულით.
ვაჟებში უფროსებშიც და ახალგაზრდებშიც ექვსივე მედალი თბილისელებმა მოიპოვეს. უფროსებში რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის მონაწილე ცოტნე მაჭავარიანმა575 ქულით გაიმარჯვა. მეორეზე სკა-ს წევრი ვლადიმერ მაიოროვი გავიდა – 572ქულით, მესამეზე – ლევან ქადაგიძე – 569 ქულა.
ბიჭებში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: ჩემპიონი აკაკი მოსულიშვილი გახდა (553 ქულა), ვერცხლი რევაზ ხარაბაძემ (548 ქილა), ხოლო ბრინჯაო ივა ჭანკვეტაძემ (540 ქულა) აიღო.
შერეულ წყვილებში ჩემპიონობა ნინო სალუქვაძისა და ცოტნე მაჭავარიანის დედა-შვილურმა დუეტმა დაიმსახურა – 759 ქულა. 749 ქულით დაასრულეს გამოსვლა და-ძმა ლევან და მეგი ქადაგიძეების ოჯახურმა წყვილმა და ქუთაისელთა დუეტმა – ხუციბერიძემ და შოთა გირგვლიანმა.