ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი მოედნები,
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში შენდება. კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძესთან ერთად, ქუთაისში ფეხბურთისა და რაგბის ახალი ბაზების მშენებლობა მოინახულა.
“სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს თბილისსა და ქუთაისში 10 სტადიონის მშენებლობა დავიწყეთ. უახლოეს პერიოდში ახალი ბაზები ექსპლოატაციაში შევა, 7 თბილისში მოეწყობა, 3 კი ქუთაისში.
ამჯერად ქუთაისში ვიმყოფებით და სამშენებლო პროცესს ვათვალიერებთ. ეს მოედნები მოემსახურება როგორც ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებებს, ასევე სხვადასხვა გუნდებს, როგორც სათამაშო, ასევე საწვრთნელი პროცესების გასავლელად ფეხბურთსა და რაგბიში.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში ახალი სპორტის სასახლეების გახსნა იგეგმება ბათუმში, გორში და თელავში,” – განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ.
ახალი სპორტული ინფრასტრუქტურული პროგრამის განხორციელება სახელმწიფოს მხარდაჭერით 2017 წლიდან დაიწყო, რომლის თანახმად, თბილისსა და ქუთაისში სულ საერთაშორისო სტანდარტების 10 მოედანი უნდა აშენდეს.