რაგბის მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის გამო ქუთაისს
1500-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. ქუთაისის ვიცე მერის, კონსტანტინე ქავთარაძის თქმით ქალაქში ფაქტიურად ყველა სასტუმრო სავსეა. რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ იწყება.
“1500-ზე მეტი ვიზიტორია ქუთაისში. შეიძლება ითქვას, რომ ქალაქში არსებული ყველა სასტუმრო გადავსებულია. ბილეთები მაქსიმალურად ხელმისაწვდომია ყველასთვის. “აია არენაზე” შესაძლებელია პირდაპირ შეძენა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავანახოთ საზოგადოებას, რომ ქუთაისში რაგბი მნიშვნელოვანი სპორტია და ამ კუთხით დასწრება არის საპასუხსისმგებლო. ეს არის საქართველოსთვის და ქუთაისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ქუთაისი მასპინძლობს ერთ-ერთ ძლიერ ჯგუფს. სადაც ახალი ზელანდია, ირლანდია, იტალია და შოტლანდია თამაშობს”, – განაცხადა ქუთაისის ვიცე მერმა კონსტანტინე ქავთარაძემ.
ხვალ “აია არენაზე” 13:00 ახალი ზელანდია–შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო 15:30 საათზე ირლანდია იტალიას დაუპირისპირდება.