დღეს, 24 თებერვალს, ქუთაიში, დ. აღმაშენებლის  მოედანზე, უკრაინის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი გაიმართა. რუსეთის მხრიდან წარმოებულ ომის წლისთავზე აქციის მონაწილეებმა უკრაინას და უკრაინელებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

მოედანზე შეიკრიბნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ქუთაიში მცხოვრები უკრაინელები და რუსები, რომლებიც ომს აპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია “ქუთაისი დნიპროსთვის”.

“ერთი წელი გავიდა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინაში.   ამ აქციით უკრაინელებს ვუთხარით, რომ ქუთაისი მათ გევრდითაა. უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაცაა. ჩვენ ვემიჯნებით ყველა ანტიუკრაინულ რიტორიკას ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის და გვჯერა უკრაინის უპირობო გამარჯვების”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

უკრაინის მხარდამჭერ აქციას თბილისში,  დღეს ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.

დღეს, 24 თებერვალს, ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.

გაეროს მონაცემებით, რაც სრულ სურათს არ ასახავს, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.

ფოტო: არჩილ გეგენავა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *