იმერეთში მეოთხე დღეა სტიქიას ებრძვიან.
ძლიერი ქარის შედეგად რეგიონში სულ 567 შენობას ნაწილობრივ ან სრულად აქვს სახურავი გადახდილი. აქედან, 333 არის კერძო სახლი, 176 მრავალბინიანი სახლი, 39 სახელმწიფო ობიექტი და 19 ბიზნეს ობიექტი და სხვა.
ქარმა პრობლემები შექმნა გაზმომარაგების და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც. რიგ სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ასევე, შეზღუდულია ბუნებრივი აირის მიწოდება.
ძლიერი ქარის შედეგად ასევე წაიქცა ხეები და დაზიანდა ავტომობილები.
იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ასევე შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აწარმოებენ ზარალის დათვლას.
,,იმერეთში ძლიერი ქარის შედეგად მეოთხე დღეა ინფრასტრუქტურა ზიანდება. 12-ვე მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემებია შექმნილი. მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას უწევენ დახმარებას. ასევე შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დაზარალებულთა მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან და სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლას აწარმოებენ. გარდა ამისა რეგიონის მასშტაბით გრძელდება სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები,”-ამბობს იმერეთის გუნერნატორი ზვიად შალამბერიძე.