ქუთაისში USAID – ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის პარტნიორი ქუთაისში არის ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში უმცირესობების უფლებების დაცვას. აქტიური მოქალაქეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოების ეკონომიკურ გაძლიერებას.
პროექტი 5 წლის განმავლობაში განხორციელდება. ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტს 11 პარტნიორი ორგანიზაცია ჰყავს, მათ შორის, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.
პროგრამის ფარგლებში ქუთაისში არაერთი აქტივობა განხორციელდება.
დღევანდელ პრეზენტაციაზე ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა პროექტის მიზნებზე და გეგმებზე ისაუბრა. ორგანიზაციის ახალგაზრდა წევრებმა სალი საკანდელიძემ, ანა ქურციკიძემ და დიმიტრი ქვარიანმა კი ორგანიზაციაში თავიანთ გავლილ გზაზე და ახალგაზრდების სამოქალაქო საქმიანობაში ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
,,ვგეგმავთ ახალგაზრდული ცენტრის ჩამოყალიბებას, სადაც ახალგაზრდებს მივაწვდით ინფორმაციას აქტიურ მოქალაქეობაზე, რელიგიური, ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე და ზოგადად ინტეგრაციის საკითხებზე, ასევე ეკონომიკური გაძლიერების მექანიზმებზე. აქცენტი საზოგადოებრივ და სოციალურ ინტეგრაციასთან ერთად ეკონომიკურ ხელშეწყობაზეც იქნება გადატანილი. ჩვენ შევეცდებით ერთის მხრივ მივაწოდოთ მათ ის ცოდნა და უნარები, რაც ინტეგრაციისთვის სჭირდებათ, ხოლო მეორეს მხრივ- შევუქმნათ შესაძლებლობები ამ უნარების რეალიზებისთვის,’’-ამბობს ქუთაისის განათლების, განვითარების, დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლია კილაძე.
რამდენიმე წელია ახალგაზრდული ცენტრის აქტივობებში ვარ ჩართული. დღეს ახალგაზრდებს მე და ჩემმა მეგობრებმა ამ ორგანიზაციაში ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ. ვფიქრობ, აკადემიურ განათლებასთან ერთად არაფორმალური განათლების მიღებაც მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია შეიძინო ცხოვრებისეული უნარები, მაგალითად, ლიდერობის, გუნდური მუშაობის უნარი და ა.შ. სწორედ ამ ყველაფრის შესაძლებლობა მოგვცა ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა,’’-ამბობს ორგანიზაციის წევრი ანა ქურციკიძე.
პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც
ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
ფინანსური მხარდაჭერით.