ქუთაისში, უფუნქციოდ დატოვებულ პარლამენტის შენობასთან ჩემოდნების აქცია გაიმართა.
აქცია-პერფორმანსის მიზანი ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის იმ უკუშედეგის დანახვება იყო, რაც პარლამენტის შენობის ქუთაისიდან თბილისში გადატანამ გამოიწვია. უფუნქციოდ დარჩენილი ქალაქი და საზღვარგარეთ წამსვლელთა უპრეცედენტო რაოდენობა- ეს ის რეალობაა, რომელიც აქციის მონაწილეებმა პერფორმანსის სახით გამოხატეს. თითოეული მონაწილე თითოეული პროფესიის ადამიანს განასახიერებდა, რომლებიც უკეთესი ცხოვრების იმედით სხვადასხვა ქვეყნისკენ მიეშურებიან.
,,სახლებში, სადაც ასეთი ჩემოდნები ინახება, მალე ხილის მომკრეფიც არავინ დარჩება. როცა პერფორმასის დროს გასასვლელი გავიარე, მივხვდი, როგორი მძიმეა სამშობლოს დატოვება. მთელი ქვეყანა ჩემოდანზე შემდგარს ჰგავს. ყველა წასვლაზე ფიქრობს. ჩემ უკან პარლამენტის ყოფილი შენობა დგას. რომელი გონიერი ადამიანი დატოვებდა უფუნქციოდ ასეთი ტიპის შენობას? რომელი გონიერი ხელისუფალი მიატოვებდა ისეთ ქალაქს, როგორიც ქუთაისია? რომელი გონიერი მთავრობა მოუყრიდა თავს ყველაფერს ერთ ქალაქში? ეს ჩვენს ქვეყანას ვერ გააძლიერებს. არავინ ვიქნებით კარგად,”-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ია იაშვილი.
,,ამ დღეს, ზუსტად 4 წლის წინ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს, რამაც ქალაქს ბევრი ის ბენეფიტი დააკლო, რასაც მისი ფუნქციური დატვირთვა შეეძლო. ჩვენი ქვეყნის მომავალი დეცენტრალიზაციასა და დეკონცენტრალიზაციაშია. არ შეიძლება ყველაფერი ერთ ქალაქში იყრიდეს თავს. ამას გადაჭედილი თბილისის ქუჩებიც მოწმობს. ეს ადგილი არის სიმბოლური გამოხატულება იმისა, როგორ ცარიელდება რეგიონები,”-ამბობს ,,თაობათა დიალოგის” დამფუძნებელი ნუგზარ კოხრეიძე.
ქუთაისში საკანონმდებლო ორგანო 2019 წლიდან აღარ ფუნქციონირებს.
2012 წლის შემდეგ 2019 წლის 5 თებერვალს საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნა.