2023 წლის ივნისიდან კომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ევროპის ხუთი ქალაქის მიმართულებით ახალ რეისებს ამატებს.
პირდაპირი ფრენები ბრიუსელში, მადრიდში, ფრანკფურტში, ჰამბურგსა და პოზნანში განხორციელდება.
Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი ახალი მიმართულებების გარდა, უკვე არსებულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეების გაზრდისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
ხუთივე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება, ხოლო, პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება.
,,მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი WIZZ AIR საქართველოს ბაზრის ერთგული რჩება, ქუთაისის საერთაშორისო საქართველოს აეროპორტში ფართოვდება და 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზას ამატებს. ეს საშუალებას მოგვცემს, დამატებით ევროპის ხუთ ახალ ქალაქში დაიწყოს ფრენები და არსებულ მიმართულებებზე სიხშირეები დაემატოს. ქართველ მოგზაურებს საშუალება ექნებათ დამატებით ევროპის ოთხი ქვეყნის ხუთ ქალაქში იმოგზაურონ, ასევე, საქართველოში დამატებითი ტურისტული ნაკადები მოვიზიდოთ“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
2023 წლის ივნისისთვის, ჯამურად, Wizzair-ი ქუთაისიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით იფრენს.