ქუთაისის სპორტის სასახლეში “ფალავნობა 2022”-ის რუსული სახელმწიფო კომპანია “როსნეფტის” წარწერის ფონზე ჩატარებამ სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი გამოიწვია.
ღონისძიებაზე, რომელსაც ქუთაისის მერი და იმერეთის გუბერნატორიც ესწრებოდნენ, ვლადიმერ პუტინის მეგობარი კომპანიის ამსახველი წარწერის მქონე ხალიჩა ეფინა.
სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს როგორ გაჩნდა რუსულწარწერებიანი ხალიჩა ღონისძიებაზე და შესაბამის შემთხვევაში დააყენოს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.
,,უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთის იმპერიალისტური სახის წარმომჩენი სიმბოლოების აღმოჩენა ღონისძიებაზე , სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, უნდა იწვევდეს აღშფოთებას.
პრობლემა შეცდომაში არაა. პრობლემა ხვალინდელი დღეა. აქ მნიშვნელოვანია რას გააკეთებს სახელმწიფო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ საიდან აღმოჩნდა ეს სიმბოლო იქ, სადაც პოლიტიკური თანამდებობის პირები იყვნენ. თუ ეს ვინმეს პოლიტიკურ პასუხიმგებლობას გამოიწვევს, მან ეს პასუხისმგებლობა უნდა იკისროს და საფასურიც გადაიხადოს. ეს მარტო თავმოყვარეობის საკითხი არაა, აქ რეალურ უსაფრთხოებაზეა საუბარი. უნდა ვიცოდეთ არის თუ არა ეს პროპაგანდის ნაწილი. შეიძლება ცალკეულმა ნიშნებმა, ლოგოებმა რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტებზე გავლენა არ მოახდინოს, მაგრამ საინფორმაციო ომი არის ძლიერი ინსტრუმენტი რუსული მხარისთვის, რითაც ის ცდილობს მოიკრიბოს მხარდამჭერები. ამით შესაძლოა რუსეთი ცდილობდეს საზოგადოებაში გააჩინოს განცდა, რომ ქართული საზოგადოება ერთიანი არ არის მის ევროპულ არჩევანში. როსნეფტი არ არის კომპანია, რომელიც სპორტულ ინვენტარს აწარმოებს, საეჭვოა მისი სპორტულ ღონისძიებაზე წარმოჩენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა დასვას კითხვები და გამოიძიოს ვითარება,’’-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე.
,,სამართლიანობისთვის, ალბათ, ორგანიზატორებმა უნდა განმარტონ რა მოხდა და როგორ მოხდა, თუმცა მე როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს, უკრაინის გულშემატკივარს და ოკუპანტი რუსეთის მოძულეს ზოგადად მიუღებლად მიმაჩნია რუსული კომპანიების წარმოჩენის რაიმე სახით ხელშეწყობა. ეს ჩვენს ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს,’’-ამბობს თეონა გოგიშვილი.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ქუთაისის მერია და იმერეთის გუბერნია პასუხისმგებლობას იხსნიან და აცხადებენ, რომ ღონისძიება მათ მიერ ორგანიზებული არ ყოფილა.
ჭიდაობის ფედერაციაში კი განმარტავენ, რომ ხალიჩა ერთ-ერთი სკოლიდან მოიტანეს, თუმცა არ იციან სკოლამ ხალიჩა სად შეიძინა.
,,ხალიჩა ნათხოვარი იყო. ერთ-ერთი სკოლიდან მოიტანეს, ეს შეიძლება შეძენილი იყო სადმე და წარწერაც იქედან გამოყვა. ამაში არც რუსული კვალია და არც როსნეფტი ყოფილა სპონსორი,’’-ამბობს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენელი გიორგი მეშველიანი.
“როსნეფტის” მფლობელი ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარი და პარტნიორი იგორ სეჩინია. კომპანიაც და მისი მფლობელიც დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან.