ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებისა და გამოწვევების შესაფასებლად კვლევა ჩაატარა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.
შეხვედრას მერიის სპორტისა და ახალგაზრდული განყოფილების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი, ახალგაზრდები და თემით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ.
რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჯამში 500 ახალგაზრდა გამოიკითხა, მათ შორის, 390 ახალგაზრდა იყო 18-დან 29-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო 73 ახალგაზრდა ე.წ ნიდ ჯგუფის წევრი ანუ უმუშევარი და უმაღლესი განათლების მიღმა დარჩენილი ახალგაზრდები.
კვლევის მიხედვით, იმ ახალგაზრდებში, რომლებსაც არ მიუღიათ უმაღლესი განათლება, ამავე დროს არ არიან დასაქმებულები, ნაკლებია დაინტერესება სხვადასხვა სოციალური აქტივობებითა და ღონისძიებებით, თუმცა აქვთ სურვილი ჩაერთონ როგორც არაფორმალური განათლების, ასევე პროფესიული გადამზადების კურსებში.
განსხვავებული ვითარებაა 14-დან 17 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ამ ჯგუფში მეტი ახალგაზრდაა ჩართული როგორც სოციალურ აქტივობებში, ისე სხვადასხვა ტიპის შემეცნებით, კულტურულ ღონისძიებებში, არაფორმალური გადამზადების კურსებში. რაც შეეხება 18-დან 29 წლის ახალგაზრდებს, ისინი სოციალური აქტივობებით და არაფორმალური განათლების საკითხებით ნაკლებად ინტერესდებიან, რადგან მათი ინტერესის სფერო უმეტესად დასაქმებაა.
ასევე გამოვლინდა, რომ ახალგაზრდებს მოხალისეობის შესახებ სრული ინფორმაცია არ აქვთ და ნაკლები ინფორმაცია აქვთ ახალგაზრდული მუშაკის საქმიანობაზე.
კვლევამ ახალგაზრდების დასაქმების კუთხით არსებული გამოწვევებიც შეაფასა. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოკითხული 18-29 წლის რესპოდენტების მხოლოდ 14% მუშაობს სრული განაკვეთით, ხოლო 8% – ნახევარი განაკვეთით.
კითხვაზე უცდიათ თუ არა გასული ერთი წლის მანძილზე დასაქმება, 43%-მა უპასუხა, რომ სცადა, მაგრამ ვერ მოიძია მისთვის სასურველი ვარიანტი; 27% კი პასუხობს, რომ მოიძია და დასაქმდა; ხოლო დანარჩენი არ არის დასაქმებით დაინტერესებული.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხშირად დასაქმებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი სწავლისა და მუშაობის პროცესის შეუთავსებლობაა. გარდა ამისა, ახალგაზრდები, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში, დასაქმებაზე უარს საკუთარი ნებით ამბობენ, რადგან თვლიან, რომ მოეხსნებათ სოციალური დახმარება და ის შეღავათები, რითაც სოციალურად დაუცველი სტუდენტები სარგებლობენ. თუმცა, ასევე აღინიშნა, რომ ცვლილების მიხედვით, სოციალურად დაუცველ ახლგაზრდებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში შეუნარჩუნდებათ სოციალური დახმარება და შეღავათები.
18-29 წლის ახალგაზრდებმა შეაფასეს რამდენად საკმარისია თავიანთი ცოდნა და უნარები დასაქმებისთვის. 46% ამბობს, რომ გარკვეული ცოდნა აქვს, მაგრამ გადამზადებას საჭიროებს, 10% კი მიიჩნევს, რომ მათ უნარების ზრდა არ სჭირდებათ.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ გამოვლენილი გამოწვევებისა და საჭიროებების ფონზე, საჭიროა კოორდინირებული მუშაობა უწყებებს შორის, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ დასაქმების, განვითარების და სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის მეტი შესაძლებლობა. კვლევა, რომელიც ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ წარმოადგინა, ქუთაისის მერიის დაკვეთით ჩატარდა. მერიამ გამოვლენილი საჭიროებები ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმასა და 2023 წლის ბიუჯეტში უნდა ასახოს.