,,სამართლიანმა არჩევნებმა’’ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების საკითხზე შეხვედრა ჩაატარა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების წევრები, ჟურნალისტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ისაუბრეს შრომით დისკრიმინაციაზე და უკანონო გათავისუფლებაზე, რომელსაც საფუძვლად პოლიტიკური მოტივი უდევს.
ხაზი გაესვა საქართველოში ხშირად დამკვიდრებულ პრაქტიკას, რეორგანიზაციის საბაბით სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს, რომლის რეალური მიზეზიც ხშირად პოლიტიკური დევნაა.
გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებაზე, რომელიც ერთი შეხედვით დისკრიმინაციად არ ფასდება, მაგრამ მასაც ხშირად საფუძვლად პოლიტიკური მოტივი უდევს.
,,სამართლიანი არჩევნები’’ უფასო იურიდიული დახმარების პროგრამას ახორცილებს USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით. ორგანიზაციამ დახმარება გაუწია ადამიანებს, რომლებიც სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
,,მიმდინარე წლის მანძილზე პროექტის ფარგლებში 62-მდე საქმე გვაქვს. რამდენიმე პრობლემურ სფეროს გამოვყოფდი: 2022 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერები გაათავისუფლეს სხვადასხვა საჯარო და კერძო უწყებიდან; გვაქვს ასევე სკოლის დირექტორების საქმეები, რომლებიც ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ სამსახურებიდან გაუშვეს, თუმცა რეალური მიზეზი იყო ის, რომ მათი ოჯახის წევრები ოპოზიციური პარტიების კამპანიებში იყვნენ ჩართულები. ასევე, კულტურის სამინისტროდან უამრავი ადამიანი გაათავისუფლეს. გვაქვს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის გათავისუფლების საქმე და ა.შ’’,-ამბობს პროექტის კოორდინატორი თათია ქინქლაძე.
მან ასევე გვითხრა, რომ იყო შემთხვევები, როცა თანამშრომლები სამსახურში აღადგინეს და განაცდური აუნაზღაურეს.
თათია ქინქლაძე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საქმეში კიდევ რამდენიმე გამოწვევას გამოყოფს. მისი თქმით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სასამართლოს მიერ არ ხდება პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების დადგენა და ხშირად სასამართლო მხოლოდ იმას ადგენს, რომ გათავისუფლება უკანონოა. გარდა ამისა, თათია ქინქლაძის თქმით, გამოწვევაა ისიც, რომ მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზე მხარეზეა, რაც საერთაშორისო პრაქტიკას ეწინააღმდეგება.