20-წლიანი ძებნის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა ძებნილი კ.ც. დააკავეს.
იგი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა.
,,გამოძიებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა კ.ც.-მ 2002 წლის 4 სექტემბერს, ჭიათურაში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ.ტ.-ს სხეულზე 5 ჭრილობა მიაყენა, ხოლო მისმა თანმხლებმა კ.ვ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა ჯ.ზ., რის შემდეგაც ორივე პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი გ.ტ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, ხოლო ჯ.ზ. მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
კ.ვ. პოლიციამ 2004 წელს დააკავა,” – ნათქვამია განცხადებაში.
2002 წელს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს წარმოებაში კ.ც.-ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმავე წლიდან მასზე ძებნა მიმდინარეობდა.