სოხუმის დაცემიდან 29 წლისთავზე ქუთაისში აფხაზეთის ომის მონაწილე ქალებთან შეხვედრა გაიმართა.
ომის მონაწილეებმა ომის პერიოდის და მასში თავიანთი ჩართულობის შესახებ ისაუბრეს. გაიხსენეს ის ემოციები, რასაც იმ დროისთვის განიცდიდნენ.
შეხვედრის ორგანიზატორი ასოციაციასთან ,,ქალები რეგიონების განვითარებისთვის” არსებული ქუთაისის ქალთა კლუბი იყო.
,,მე აფხაზეთის ომის დროს მედდა ვიყავი. ბევრ დაჭრილს ვუმკურნალე. უამრავი ადამიანი შემოჰყვადათ, ბევრი ეზოში დავასაფლავეთ. ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის გახსენება. ახლა უკრაინის ომს რომ ვუყურებ, აფხაზეთის ომი მიდგას თვალწინ. ის სისასტიკე, რომლის შესახებ დღეს ტელევიზიით ვიღებთ ინფორმაციას, ადრეც ხდებოდა”-ამბობს ირინა წიფიანი.
,,მე ომის დროს კორესპოდენტი ვიყავი. ვამზადებდი სიუჟეტებს, ასევე ვწერდი სტატიებს ჟურნალ ,,სამშობლოსთვის”. ბრძოლის ველზე, როცა სიუჟეტებს ვამზადებდი, შიში არ მიგრძვნია, არ მიფიქრია, რომ შესაძლებელი იყო ტყვია მომხვედროდა. ყოველდღე საშინელებები ხდებოდა. ჩვენ მათთან გაპატიოსნებულ ცხედრებს ვგზავნიდით, ისინი ყურმოჭრილს და ფეხმოჭრილს, გეგონებოდათ, კანიბალები იყვნენ. გაგრაში ქართველების გადახდილი ვენიდან სისხლი დალიეს. წარმოუდგენელი რაღაცები ხდებოდა, მაშინ არ იყო საერთაშორისო სამართალი და ჩვენ ამ ყველაფრის წინაშე მარტონი ვიყავით დარჩენილნი,”-ამბობს აფხაზეთის მთავრობის იმერეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი ციალა კოპალიანი.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.5