ციფრული მარკეტინგი, სოციალური მედია მენეჯმენტი, გრაფიკული დიზაინი, ვებ დეველოპმინგი-ეს ის სფეროები, რომლებიც 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია.
თუმცა, საქართველოში ამ მიმართულებით შრომის ბაზარზე მუდმივად კადრების დეფიციტია.
ქვეყანაში დასაქმების კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, ,,იმერეთის განვითარების ცენტრმა”” ახალგაზრდებს ახალი პროექტი შესთავაზა, რომელიც ტექნოლოგიების სფეროში მათ გადამზადებას და სამუშაო უნარებით აღჭურვას გულისხმობს. Tech Club – ახალგაზრდების ციფრული განვითარება – ეს არის პროექტი, რომელიც 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომლის ფარგლებშიც, ციფრული მიმართულებით 22 ახალგაზრდა გადამზადდა. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებმა მოთხოვნადი პროფესიები აითვისეს, ორგანიზაციამ ისინი ადგილობრივ, დამწყებ მეწარმეებს შეახვედრა და მათ კომპანიებში სტაჟირების შესაძლებლობა მისცა. დღეს პროექტის 22 მონაწილიდან 10 სტაჟირების ეტაპზეა, 5 მათგანი კი უკვე დასაქმდა.
ლანა კოხრეიძე პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა. ის სტაჟირებას ერთ-ერთ ადგილობრივ კომპანიაში, სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე გადის. ლანა ამბობს, რომ სტაჟირება საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ მიღებული ცოდნა პრაქტიკით გაამყარო.
,,ახალგაზრდებისთვის მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ციფრული მიმართულების ტრენინგები საკმაოდ ძვირი ღირს და მასზე ხელი ბევრს არ მიუწვდება. Ჩვენ უფასო კურსები გავიარეთ და აღვიჭურვეთ იმ უნარებით, რაც დასაქმებისთვის საჭიროა. მნიშვნელოვანია ახალგაზრდას მისცე ის ცოდნა, რაც მას კარიერულ წინსვლაში დაეხმარება,” – ამბობს ლანას კოხრეიძე.
ლანას მსგავსად, სტაჟირების ეტაპზეა შაკო ზოსიაშვილიც. ის სტაჟირებას ადგილობრივ მეწარმესთან გადის.
,,ციფრული მიმართულება 21-ე საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პროექტმა მომცა ის უნარები, რაც დღევანდელ შრომის ბაზართან შესაბამისობაშია. რაც მთავარია, სწავლა იყო ხელმისაწვდომი,” – ამბობს შაკო ზოსიაშვილი.
Პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართა ტექ ფესტივალი, სადაც ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული ახალგაზრდები იყვნენ მოწვეულნი. მათ პროექტის მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.
,,შედეგი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ველოდით. ეს პროექტის მიმდინარეობის დროსაც დავინახეთ. ციფრული მიმართულებით მუდმივად კადრების დეფიციტია, ამიტომ ჩვენმა პროექტმა ახალგაზრდებს დასაქმების ბაზარზე გზა გაუხსნა. ეს მიმართულება იმითაც მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო ქვეყნის მასშტაბით ხსნის გზას, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც შესაძლებელია დასაქმება,” – ამბობს ,,იმერეთის განვითარების ცენტრის” თემის განვითარების ფასილიტატორი, ახალგაზრდების მიმართულებით, ანა ეგუტიძე.
პროექტი ქუთაისის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების ფარგლებში, საპილოტე რეჟიმში განხორციელდა. ორგანიზაცია იმავე პროექტის განხორციელებას მომდევნო წელსაც გეგმავს.