ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობის ნიშნად, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა უკრაინელ ბავშვებთან ერთად სკოლის ეზოში ხეები დარგეს.
აქცია-პერფორმანსი ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლისა და ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრების ორგანიზებით მოეწყო. პერფორმანსის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ხის ნაყოფის აყვავების მსგავსად უკრაინაც მალე აღორძინდება.
,,ხე ახალი სიცოცხლის, ცხოვრების გაგრძელების სიმბოლოა. გვჯერა უკრაინა კრიზისს დაძლევს, ფენიქსივით ფერფლიდან აღდგება და ამ ხის ნერგივით სიცოცხლეს გააგრძელებს. დღეს უკრაინა ტირანს ებრძვის და მისი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა, სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენს უკრაინელ ძმებს,’’-ამბობს ქუთაისის საკრებულოს წევრი ,,ნაციონალური მოძრაობიდან’’, ბექა გვაჩაკიძე.
,,უკრაინელებმა გოლგოთის გზა გამოიარეს, ეს იყო ტანჯვის, ეს იყოს ჯოჯოხეთის, ყოფნა-არყოფნის გზა. მადლობა სკოლას , რომელმაც მოგვცა საშუალება სოლიდარობა გამოგვეხატა. ნაყოფი, რომელსაც ჩვენ მიერ დარგული ხეები გამოისხამს, სიკეთისა და ჩვენი გამარჯვების ნაყოფი იქნება,’’-ამბობს ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრი კობა გურული.
,,დღეს არის 14 აპრილი, სიმბოლურია, რომ ამ დღეს გამოვხატეთ სოლიდარობა უკრაინელების მიმართ. Ჩვენი მოსწავლეები უკრაინელ ბავშვებს დიდი სიყვარულით ელოდნენ. ახლა უკრაინელებისადმი ნებისმიერი სახის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს,’’-ამბობს ნიკო კინოლაძის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ლალი სალდაძე.
,,ჩვენ მძიმე გზა გავიარეთ. მადლობა ქართველებს გვერდით დგომისთვის. მადლობა, რომ ამ ფორმით ჩვენ მიმართ სოლიდარობა გამოხატეთ, -ამბობს უკრაინიდან დევნილი აფინა პაპოვა.