“ქალების და ახალგაზრდების ბიზნეს უნარ-ჩვევების გაძლიერების პროგრამა”-ასე ეწოდება პროექტს, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და რომლის მიზანი იმერეთის მასშტაბით ქალების და ახალგაზრდების ბიზნეს უნარების განვითარებაა.
პროექტის ავტორები ქრისტინე მაღლაკელიძე და ანა შალიკიანი არიან.
პროექტის ფარგლებში 25 ახალგაზრდა შეირჩა, რომელთაც წამყვანი სპეციალისტები ბიზნესის განვითარების და ეკონომიკური აზროვნების შესახებ ტრენინგებს უტარებენ, ხოლო პროექტის მეორე ეტაპზე შეირჩევიან მეწარმე ქალები, რომელთა საწარმოებშიც პროექტის ფარგლებში გადამზადებულ ახალგაზრდები დასაქმდებიან. ახალგაზრდებს მენტორობას ბიზნეს კონსულტანტები გაუწევენ, რაც ერთის მხრივ დასაქმებულის, მეორეს მხრივ კი საწარმოს განვითარების შესაძლებლობებს გაზრდის.
,,საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს არ აქვს ფუფუნება დაიქირავოს ბიზნეს კონსულტანტი, მოახდინოს ფინასური და მენეჯერიანული ბიზნეს ანალიზი და იმუშავოს განვითარების სტრატეგიებზე. პროექტის ფარგლებში ჩვენ ამ შესაძლებლობას ვქმნით. ჩვენ მიერ გადამზადებული ახლაგაზრდები მეწარმე ქალების საწარმოებში გაიუმჯობესებნ უნარ-ჩვევებს ბიზნეს კონსულტანტების დახმარებით,’’-ამბობს პროექტის ავტორი ქრისტინე მაღლაკელიძე.
ქრისტინე მაღლაკელიძის თქმით, პროექტის მონაწილე ახალგაზრდები ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით არიან დაინტერესებულნი, მაღალია მათი მოტივაცია, ამიტომ აქვს მოლოდინი, რომ პროექტის დასრულების შემდეგ იმერეთში მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე ქალების და ახალგაზრდების რიცხვი გაიზრდება.
,,მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები ძირითადად ონალინ ფორმატში მიმდინარეობს, ინტერაქციულობა მაღალია. როგორც მონაწილეები ამბობენ, ტრენინგების შემდეგ ნელ-ნელა ეკონომიკური ჩაკრები ეხსნებათ,’’-ამბობს ქრისტინე მაღლაკელიძე.
პროექტის ავტორმა ასევე იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე დგას.
,,საქართველოში არ არის კულტურა ბიზნესებს შორის ერთმანეთთან თანამშრომლობის. ხშირად დიდი მოთამაშეები მცირე და საშუალო საწარმოების ჩაძირვას ცდილობენ. დიდია მცირე და და საშუალო ბიზნესის ბრძოლა გადარჩენისთის. მთავარია ეს ახალგაზრდები უსაფრთხოდ და ჯანსაღად შევიდნენ ბაზარზე, როგორც მცირე და საშუალო მეწარმეები და შემდეგ ეტაპზე უკვე კონკურენცია გაუწიონ დიდ მოთამაშეებს,’’-ამბობს ქრისტინე მაღლაკელიძე.
პროექტი 8-თვიანია და ის ,,ქალთა ფონდის’’ მხარდაჭერით მიმდინარეობს.