ქუთაისში პროექტის ,,ახალგაზრდებში მოხალისეობის იდეის პოპულარიზების პროგრამა’’ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალგაზრდებს თავიანთი პროექტები და პროგრამები წარუდგინეს.

დაინტერესების შემთხვევაში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ დარეგისტრირებულიყვნენ მათთვის სასურველ ორგანიზაციაში ან ორგანიზაციებში მოხალისედ ან მიეღოთ მონაწილეობა სასურველ პროექტებში. ფორუმში მონაწილეობა 10-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო.

პროექტს, რომლის დასკვნითი ღონისძიებაც დღეს გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თაობათა დიალოგი’’ ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ახორციელებდა.

,,ორგანიზაციებმა ჩვენი პროექტები და პროგრამები წარვადგინეთ. მანამდე ,,თაობათა დიალოგი’’ ხუთი თვის განმავლობაში ახორციელებდა პროექტს ,,ახალგაზრდებში მოხალისეობის იდეის პოპულარიზების პროგრამა’’, რომლის მიზანი ქალაქში მოხალისეობის ხელშეწყობაა. დღეს არის პროექტის დასკვნითი ღონისძიება,’’-ამბობს ,,თაობათა დიალოგის’’ გენერალური მდივანი ლანა თოთაძე.

შეხვედრას ქუთაისის მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

,,ეს ფორუმი მაგალითია იმისა, როგორ წარმატებით მიმდინარეობს მერიის ახალგაზრდული ინიციატივების ფარგლებში დაფინანსებული პროექტები. დიდია დაინტერესება მოხალისეობის მიმართ. მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ მოხალისეობის განვიტარებას და მათ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას, რაც ჩვენი ქალაქისთვის იქნება გამოსადეგი,’’-ამბობს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.

,,მოხალისეობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს მართალია არაანაზღაურებადი საქმეა, მაგრამ მოხალისეობა გაძლევს ბევრ რესურსს, გარდა ფულადი რესურსისა. გეძლევა საშუალება გაიცნო ბევრი საინტერესო ადამიანი. ვაპირებ მოხალისეობრივი კარიერის გაგრძელებას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ,’’-ამბობს პროექტის მონაწილე ნიკოლოზ კეთილაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *