სახალხო დამცველის განცხადებით, კერძო სკოლა “აიბი მთიებმა” მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულება იმის გამო გაწყვიტა, რომ მან ორსულობის და მასთან დაკავშირებული საჭიროებების გამო შვებულება ითხოვა.
ისტორიის მასწავლებელს მიმართვიდან რამდენიმე დღეში აცნობეს, რომ სამსახურში აღარ გამოცხადებულიყო. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად კი განმცხადებელს მისი სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით მოსწავლეთა მშობლების უკმაყოფილება დაუსახელეს.
სახალხო დამცველის თქმით, სკოლა აცხადებს, რომ მასწავლებელთან შრომითი ურთიერთობები არ შეუწყვიტავთ და უფლებამოსილება მხოლოდ დროებით შეუჩერდა.
“ჩნდება ეჭვი, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლა დროებით შეჩერების გადაწყვეტილებად დისკრიმინაციული მოპყრობის შენიღბვასა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობას ემსახურება. ამასთან, ორსულ ქალთა დისკრიმინაციული საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლების მომეტებული რისკის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა საეჭვოდ მიიჩნია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროში თანხვედრა განმცხადებლის ორსულობის ფაქტთან”, — ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში მოპასუხეს მოუწოდა, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობებში ორსულობის თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობის განხორციელებისას იხელმძღვანელოს თანასწორობის პრინციპების უპირატესი დაცვით.