“თუ ჩვენ არ გვექნება მკაფიო პასუხები ხელისუფლებისგან, ჩვენ მოგვიწევს კიდევ ერთი მასშტაბური აქცია
დავაანონსოთ”, – ამის შესახებ მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა ფეისბუქ ლაივში ისაუბრა.
“ველოდებით პასუხს ხელისუფლებისგან, რა ხდება ენკასთან მიმართებით და კომპანიის არბიტრაჟში წასვლასთან დაკავშირებით. თუ არ დაჩქარდება ეს პროცესი და ჩვენ არ გვექნება მკაფიო პასუხები ხელისუფლებისგან, ჩვენ მოგვიწევს კიდევ ერთი მასშტაბური აქცია დავაანონსოთ.”- ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
მისი თქმით, ხელისუფლების პასუხის შესახებ დაპირება, მათ ეკონომიკის მინისტრის მოადგილისგან რომეო მიქაუტაძისგან “ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის”
ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე მიიღეს, რომელშიც რიონის ხეობის მცველები იყვნენ ჩართული.
მისივე განცხადებით, ამ დროისთვის ხეობაში რჩება კომპანია “ენკას” კუთვნილი ტექნიკა და ინფრასტრუქტურა.
კომპანია ენკამ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება სტამბოლის საფონდო ბირჟაზე 22 სექტემბერს გამოაქვეყნა, თუმცა, მოგვიანებით ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ქვეყნიდან “ენკას” როგორც გასვლის, ასევე დარჩენის შანსები თანაბარი იყო.
“რიონის ხეობის მცველები” საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, პროტესტს კვლავ კარვებში, სოფელ გუმათში განაგრძობენ.