21 ნოემბერს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში მოსახლეობამ ეკონომიკის სამინისტროს მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ გაცემული ლიცენზიები გააპროტესტა.
საუბარია, წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ლიცენზიებზე, რომლის მიხედვითაც ორ კომპანიას, ტექნოლოჯი 2021-სა და მნ ნორთი-ს მანგანუმის შესწავლა-მოპოვების მიზნით შქმერში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება 10 წლის ვადით ეძლევა.
მოსახლეობის მოთხოვნაა გაუქმდეს ის ლიცენზიები, რითიც კომპანიებს მანგანუმის მოპოვების ნებართვა მიეცათ.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ სახელმწიფომ ლიცენზიების გაცემისას მათი აზრი არ გაითვალისწინა. შქმერელების თქმით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შეცვლის გარემოს და დააზიანებს როგორც ბუნებას, ისე იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას.
26 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მწვანე ალტერნატივამ და სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა და გაცემული ლიცენზიების შეჩერება სთხოვა.
“როგორც აუქციონის გამოცხადების, ისე ლიცენზიის გაცემის მომენტში სააგენტომ დაარღვია ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაწესებული გარანტიები და ვალდებულებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ინფორმირებისა და მონაწილეობის შესახებ”, — აცხადებენ ორგანიზაციები.
ფოტო: სოციალურ სამართლიანობის ცენტრი