ქუთაისში სამართალდამცველებმა მოძრაობა ,,სირცხვილიას’’ რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი მიშო მუმლაძე და მოძრაობის აქტივისტი იმედა ონიანი დააკავეს.
პოლიციამ აქტივისტები სამტრედიაში გადაიყვანა. დაკავების მიზეზი, სავარაუდოდ, თეთრი ხიდიდან ბანერის გადაკიდების მცდელობაა, რითაც აქტივისტები არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აპროტესტებდნენ. Მათი დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობის წარმომადგენელი, შოთა დიღმელაშვილი წერს:
,,ქუთაისში ხიდზე ბანერების გადმოფენისთვის დააკავეს – თუმცა როგორც თვითმხილველები იძახიან, უფრო გატაცება ერქვა მაგას – სირცხვილიას ქუთაისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი მიშიკო მუმლაძე და აქტივისტი იმედა ონიანი.
ოჯახი და ახლობლები რამდენიმე საათი ეძებდნენ და ბოლოს გაირკვა, რომ სამტრედიაში წაუყვანიათ, მაგრამ ადვოკატებიც კი ვერ ახერხებენ დაკავშირებას.
ვისაც ეს პირდაპირ და თუნდაც ირიბად ეხება: ბოლომდე ჩავყვებით ამ ამბავს და ერთი ღერი თმაც რომ ჩამოვარდეთ ბიჭებს თავიდან, ერთი ათად გაზღვევინებთ, გპირდებით. სახეს გაგაძრობთ, ცხოვრებას ქაოსად გიქცევთ.
მოხერხდა ადვოკატის შესვლა. როგორც ჩანს სამტრედიაში მედიისგან მოსარიდებლად წაიყვანეს. საარჩევნო თემატიკის ბანერებს გადმოფენას ამზადებდნენ, რისი უფლებაც, ბუნებრივია, ჰქონდათ. დაკავების მიზეზი გაუგებარია, ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ და ალბათ ტრადიციულად “წინააღმდეგობის” შეკერვას შეეცდებიან,’’-წერს შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დეტალებს არკვევენ და დაკავების შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდიან.