მიუხედავად სახელმწიფოს გაცხადებული ნებისა – უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება, ამ უფლების რეალიზება სათანადოდ არ ხდება.
ქვეყნის კანონმდებლობით და სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებული დებულებები საკმაოდ ზოგადი და დეკლარაციული ხასიათისაა, შშმ პირები ვერ სარგებლობენ მათთვის მინიჭებული უფლებით, სახელმწიფო კი ვერ იყენებს მათ რესურსებს და შესაძლებლობებს. საქართველოში შშმ პირთა დასაქმების ხელშემშლელი ისეთი ფაქტორები არსებობს, როგორიცაა: არაადაპტირებული ფიზიკური გარემო და სამუშაო სივრცე, დამსაქმებელთა მხრიდან არსებული სტიგმა და სტერეოტიპები შშმ პირთა მიმართ. შშმ პირები, ხშირად დამსაქმებლამდე, გასაუბრებაზე მისვლას ვერ ახერხებენ იმ მიზეზით, რომ ინფრასტრუქტურა სათანადოდ მოწყობილი არ არის და მათ საჭიროებას არ ითვალისწინებს.
ანას ამბავი– ორმაგი დისკრიმინაცია, სტატუსის და სქესის გამო
შშმ ქალები სამსახურის ძიებისას არაერთ წინააღმდეგობას აწყდებიან, სტატუსის და სქესის გამო, ორმაგად ხვდებიან დისკრიმინირებულ მდგომარეობაში, რასაც კოვიდპანდემიაც დაემატა და მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
„რამდენიმე სამსახურზე უარის თქმა მომიწია, რადგან ფიზიკურად არ იყო მისაწვდომი, მაგალითად, როდესაც მეხუთე სართულზე, არც ლიფტია და არც რაიმე დამხმარე საშუალება, ყოველდღე შეუძლებელია მისვლა“, – ამბობს ხელოვნების და რელიგიის ისტორიის სპეციალისტი, ანა ლორთქიფანიძე, რომელიც მეხუთე თვეა USID-ის ერთ–ერთი პროექტით, „დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში“ ონლაინ მუშაობს. ანა დასძენს, რომ პროექტი წლის ბოლოს სრულდება და ჯერჯერობით არ იცის სად გააგრძელებს მუშაობას. ანას საქმიანობა შშმ პირების დახმარებაას, სერვისებზე ხელმისაწვდომობასა და პრობლემის იდენტიფიცირებას და ლობირებას მოიცავს, საჭიროების შემთხვევაში კი გადამისამართებას ან ადვოკატირებას უწევს ბენეფიციარებს.
ანა ლორთქიფანიძე უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ხანგრძლივად ეძებდა სამსახურს, იხსენებს შემთხვევებს, როდესაც სასურველ ვაკანსიებაზე უარი თქვა, რადგან დამსაქმებლამდე ვერ მივიდა შეზღუდული გარემოს გამო, დამსაქმედებლმა კი საჭირო ინფრასტურქტურის მოსაწყობად თანხა ვერ გამოძებნა.
„რთულია ის, რომ გარემო ბარიერებს ქმნის და სურვილის და კვალიფიკაციის მიუხედავად მუშაობის შესაძლებლობა გერთმევა, თუ შენობაში ვერ აღწევ. წარმოუდგენელია ყოველთვის ვიღაც გახლდეს და გეხმარებოდეს. ამასათან, ხომ შეიძლება შენ უბრალოდ დამოუკიდებლად გინდოდეს სამსახურში წასვლა, სამუშაო პროცესი ხომ დამოუკიდებლობასაც ნიშნავს და არა ოჯახისწევრის ან ახლობლის დახმარებას“.
ანამ იცის, რომ კანონი ლოიალურია და მეტად სრულყოფილია ვიდრე ნაკლოვანი, თუმცა ეს მას ვერ იცავს დისკრიმინაციული მდგომარეობისგან: „კანონით ყველა შენობა, საჯარო სივრცე ადაპტირბული უნდა იყოს, თუმცა ასე არ არის. დროთა განმავლობაში შედარებით შეიცვალა დამსაქმებლების ცნობიერება, თუ ადრე წარმოუდგენელი იყო შშმ პირის დასაქმების სურვილი თავად დამსაქმებელს გამოეხატა, ახლა ზოგჯერ დამსაქმებელი ამისთვის მზად არის, თუმცა ინფრასტრუქტურის მოწყობა ფინანსებთან არის დაკავშირებული და დამსაქმებელს თუ სოციალური პასუხისმგებლობა არ აქვს, მხოლოდ კანონში ჩაწერილი მუხლით, ჩვენთვის სასარგებლოდ არ წყდება პრობლემა“.
ანა ამბობს, რომ ყველაზე მეტად მოსწონს ადამიანებთან ურთიერთობა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც მუდმივად ცდილობს თვითგანვითარებას სწავლების ფორმალური თუ არაფორმალური მეთოდებით. ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში გაიარა ჟურნალისტიკის კურსი და გრაფიკული დიზაინი შეისწავლა პროფესიულ სასწავლებელში , მისი დაკვირვებით, საგანმანათლებლო დაწესებულებები მეტად ადაპტირებულია და ვიდრე საჯარო სივრცეები და მუნიციპალური თუ კერძო შენობები.
ხელმისაწვდომი და თანაბარი გარემო უნდა იქმნებოდეს შრომის ბაზარზე, რომელიც კონკურენტული იქნება შშმ პირთა თემის წარმომადგენელი ქალებისთვისო –გვეუბნება ანა ლორთქიფანიძე და დასძენს, რომ მას მეტად უწევს იმის მტკიცება, რომ ამა თუ იმ ვაკანსიისთვის შესაფერისია: „როცა დამსაქმებელთან მიდიხარ და ის ხედავს შენს შეზღუდულ შესაძლებლობას, რაც გარეგნულად გეტყობა, რთულია დაუმტკიცო, რომ ამ ვაკანსიისთვის შესაფერისი ხარ, არაშეზღუდვის მქონე პირი კი დამსაქმებელმა შესაძლოა უფრო მარტივად აიყვანოს სამსახურში.
ანას არ მოსწონს ე.წ. პოზიტიური დისკრიმინაცია, როცა დამსაქმებელი მის მიმართ თანაგრძნობას იჩენს, მას ღირსეული სამუშაო ადგილი საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად თანაბარი პირობებით და გარემოს ადაპტაციით სურს.
რას ამბობს „შრომის კოდექსი“
უფლებადამცველი ქეთი სვანიძე, რომელიც ქალთა და შშმ პირთა საკითხებზე მუშაობს, განმარტავს, რომ „შრომის კოდექსით“ განსაზღვრული და დაზუსტებულია შრომითი დისკრიმინაციის და გონივრული მისადაგების ცნებები, რომელთა მიხედვით შშმ პირის მიმართ თანაბარი მოპყრობა დაცული უნდა იყოს, რადგან დამსაქმებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს ღონისძიებები, შშმ პირის დასაქმების, კარიერული წინსვლის, კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ხელმისაწვდომობისათვის. კანონში ასევე წერია, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია „გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი შემთხვევა დამსაქმებებელს არაპროპორციულ ტვირთს აკისრებს“.
„თუ ეს ყველაფერი ძვირადღირებულია, მაშინ დამსაქმებლისთვის ტვირთი არაპროპორციულად მიიჩნევა“, – განმარტავს ქეთი სვანიძე და დასძენს, რომ მეტ კონკრეტიკას კანონი არ გვთავაზობს და დამსაქმებლებიც კარგად იყენებენ არაპროპორციული ტვირთის ცნებას სათავისოდ: „დამსაქმებელი ვალდებულია, მოაწყოს გარემო ისე, რომ შშმ პირმა თანაბარ პირობებში შეძლოს მუშაობა, თუმცა ჩანაწერში „საჭიროების შემთხვევაში“ და „არაპროპორციული ტვირთი“ ცნებები იძლევა ინტერპრეტაციის და ლავირების შესაძლებლობას რასაც დამსაქმებლები და არა მარტო ისინი, პრაქტიკაში წარმატებით იყენებენ და ამ დრომდე არ არის პრეცენდენტი, როდესაც თანაბარი გარემო სპეციალურად შექმნა დამსაქმედბელმა. კიდევ უფრო შორსაც წავედით, რისი მაგალითია ფაქტი, როდესაც საჩხერის ადგილობრივმა თვითმმართველობამ არ აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მას ორსართულიან კორპუსის მეორე სართულზე ლიფტის მოწყობის საკითხის გადაწყვეტა დაევალა. მერია ამ დრომდე პროექტის ძვირადღირებულობას ასახელებს ლიფტის მოწყობაზე უარის მიზეზად“.
უფლებადამცველის განცხადებით, შშმ პირთა დასაქმებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ხორციელდება, გარდა იმისა, რომ დამსაქმებელი არ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებას, არ სრულდება სასამართლო გადაწყვეტილებაც, რაც თავის მხრივ მოტივაციას უკარგავს შშმ პირებს იბრძოლონ უფლებებისთვის. ქეთი სვანიძის მოსაზრებითვე, ბოლო წლების განმავლობაში არ შეცვლილა სახელმწიფოს მიდგომა და შშმ პირები განიხილებიან მხოლოდ როგორც შემწეობის მიმღები მოქალაქეები: „6–7 წლის წინ რა მდგომარეობაც იყო, ახლაც იგივეა, შეიცვალა კანონი, მიდგომა კი – თითქმის არა“.
სახელმწიფო პროგრმები – ხელშემწყობი თუ ბარიერი შშმ პირებისთვის
საქართველოს სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მონიტორინგი მოახდინა. ომბუდსმენის შეფასებით, ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტისა და სამუშაო სივრცის მისაწვდომობის პრობლემა მნიშვნელოვანი ბარიერია შშმ პირის სამსახურში მისვლის, სამუშაოს შესრულებისა და კოლექტივთან სოციალიზაციის პროცესში. დასაქმების შედეგად მიღებული ეკონომიკური სარგებელი კი ძალიან დაბალია, რაც სხვა დამატებითი ბარიერების გათვალისწინებით, საქმიანობას არამომგებიანს ხდის. გარდა ამისა, მუშაობის დაწყების შემთხვევაში, შშმ პირის ოჯახს შეიძლება შეუწყდეს სახელმწიფოს შემწეობა, ხოლო საჯარო სამსახურში დასაქმებისას შშმ პირს უწყდება სოციალური პაკეტი.
„მონიტორინგის თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული სტატისტიკური მონაცემი ცხადყოფს, რომ პროგრამებში ჩართულ სამუშაოს მაძიებელ შშმ პირთა რაოდენობა 869, ბევრად აღემატება რეალურად დასაქმებულთა მაჩვენებელს. რაც ადასტურებს, რომ ამ პირთა დასაქმების პრობლემა არ არის ეფექტურად გადაწყვეტილი“,– ნათქვამია სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიშში, რომლის მიხედვით, გასაძლიერებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რომლებიც სტერეოტიპებისა და ნეგატიური მითების დანგრევას ემსახურება. ამასთან, მნიშვნელოვანია თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოტივაციისა და ინფორმირებულობის გაზრდა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისებისა და დასაქმების პროგრამების შესახებ.
გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციით დადგენილი სტანდარტები და საქართველო
გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2006 წლის კონვენცია, რომლის რატიფიცირება საქართველომ 2013 წელს განახორციელა, შეზღუდულ შესაძლებლობას განიხილავს, როგორც ადამიანისა და გარემოს ურთიერთმიმართების შედეგს და მას არ უკავშირებს ნოზოლოგიას, რითაც ცვლის სამედიცინო მიდგომას. კონვენცია ცდილობს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ხედვის ჩამოყალიბებას შშმ პირთა მიმართ. მისი მიზანია, წევრ სახელმწიფოებს დაანახოს ის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტის გარეშე შშმ პირები ვერ ისარგებლებენ ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სხვების თანასწორი პრინციპით.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გამოიკვლია გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციით დადგენილი სტანდარტები და გაირკვა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სხვების მსგავსად, ვერ სარგებლობენ ყველა იმ უფლებითა და შესაძლებლობით, რომლებიც თითოეულ ადამიანს დაბადებისთანავე ენიჭება: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ერთ-ერთ ყველაზე გარიყულ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ისინი დღემდე აწყდებიან სისტემურ დაბრკოლებებს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. მათ არ აქვთ შესაძლებლობა, სხვების თანასწორად ისარგებლონ კონსტიტუციით დაცული უფლებებით. ამასთან, პრაქტიკა აჩვენებს, რომ შშმ პირებისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად რჩება ხელმისაწვდომობა საჯარო სივრცეებზე, შენობა-ნაგებობებზე, ჯანდაცვის, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებსა თუ სატრანსპორტო საშუალებებზე, საგანმანათლებლო და სახელმწიფო დაწესებულებებზე. აღნიშნული კი, მიუთითებს, რომ პრაქტიკაში არ ხდება ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი სტანდარტების გათვალისწინება“, – ნათქვამია კვლევაში, რომლის ავტორთა მოსაზრებით, დასაქმების სფეროში სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია და მოითხოვს მეტ ძალისხმევასა და აქტიურობას.
პრეცენდენტის არარსებობა და ბრძოლა უფლებებისთვის
დასაქმებაზე ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევისა და დამსააქმებლის მხრიდან შესაძლო დისკრიმინაციული მიდგომის გამო შშმ პირები, მათ შორის შშმ ქალები ხშირად მიმართავენ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას, როგორც გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა პიპარტელიანი განმარტავს, მიმართვიანობა მაღალია, თუმცა ბენეფიციარები სასამართლო დავის გაგრძელებაზე სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობენ, ამიტომ ამ დრომდე არ გვაქვს სასამართლოს პრეცენდენტული გადაწყვეტილება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის გამო შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციას დაადგენდა. „თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დისკრიმინაციის ფაქტები არ არ ხდება, ზოგჯერ შშმ პირებს არ სურთ მათი გახმაურება. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს შრომის კოდექსში განხორციელდა ცვლილებები, საკანონმდებლო ორგანომ არ გაითვალსიწინა ბევრი მუხლი, რომელიც ჩვენ გვსურდა და რაც ხელს შეუწყობდა შშმ პირების დასაქმებას და სამუშაო ადგილზე ინტეგრაციას, მთლიანობაში, რეფორმა არ იყო აქცენტირებული შშმ პირების დასაქმების გაუმჯობესებაზე“, – აცხადებს რაისა ლიპარტელიანი. პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელი იმასაც დასძენს, რომ მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილება არასაკმარისია და შშმ პირების თანაბარ პირობებში დასაქმებისთვის მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგმები განხორციელდეს. რაისა ლიპატრელიანი თვლის, რომ მნიშვნელოვანია წარმატებული ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინება: „მაგალითად, კერძო ბიზნესში შშმ პირების დასაქმებისთვის, ერთგვარი მოტივაცია იქნება კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება, სახელმწიფო სტრუქტურებისთვის კი კვოტირების შემოღება აპრობირებული მეთოდია და ეს დროებითი ღონისძიება, თავის მხრივ, ხელს უწყობს საზოგადოების მენტალურ ცვლილებას“.
გაეროს კონვენციისა და ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, შშმ პირთა უფლებების დაცვა წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას და არა – მის ნებას.
საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, 2020 წლის მდგომარეობით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 47,657-ს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთო რაოდენობა – 89-ს.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს” This article has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of the organisation «For Rights and Education» and do not necessarily reflect the views of the European Union