სოციალური სამართლიანობის ცენტრი და მწვანე ალტერნატივა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავენ.

ორგანიზაციები ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შქმერში მანგანუმის მოპოვების მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების გაუქმებას მოითხოვენ.

მათი განცხადებით, ლიცენზიების გაცემის პროცესში დარღვეულია ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაწესებული ვალდებულებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ინფორმირებისა და მონაწილეობის შესახებ, ასევე კანონით გათვალისწინებული გამჭვირვალე პროცესის ნაცვლად, სახელმწიფო უწყებებმა ადგილობრივი მაცხოვრებლების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები გამოიყენეს.

სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო შქმერის გამგებელზე, რომელიც შემდგომ სხვა ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად დამნაშავედ ცნეს და დაკისრებულ ფულად ჯარიმებთან ერთად კანონიერად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ჩამოართვეს.

აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, ორგანიზაციები სამინისტროსგან გაცემული ლიცენზიების გაუქმებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ დაუშვებელია ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შელახვისა და გარემოს განადგურების ხარჯზე წიაღისეულის მოპოვება.

” სოფელ შქმერში წიაღის ეროვნულმა სააგენტომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ორი ლიცენზია მიმდინარე წლის ივლისში გასცა. როგორც აუქციონის გამოცხადების, ისე ლიცენზიის გაცემის მომენტში სააგენტომ დაარღვია ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაწესებული გარანტიები და ვალდებულებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ინფორმირებისა და მონაწილეობის შესახებ.

დაუშვებელია ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შელახვისა და ბუნებრივი გარემოს განადგურების ხარჯზე წიაღისეულის მოპოვება.”- ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის 26 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *