,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის’’
ქუთაისში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს შეხვდა და 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო. როგორც ორგანიზაციის იმერეთის კოორდინატორმა, ქეთევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მინიმუმ 4 უბანი მაინც იქნება ადაპტირებული, როგორც ეტლის მოსარგებლეებისთვის, ასევე უსინათლოთა და სმენადაქვეითებულთათვის. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს თავად შეუძლიათ აირჩიონ რომელ უბანზე მისცენ ხმა, ოღონდ ამისთვის საოლქო საარჩევნო კომისიას წინასწარ უნდა აცნობონ. შეხვედრაზე ასევე იმ კოვიდ რეგულაციებზე იყო საუბარი, რომელიც არჩევნებზე მისულმა ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა დაიცვას.
საუბარი შეეხო ქალთა აქტიურობასაც, რატომ არის მნიშვნელოვანი მეტი ქალი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში. ქეთევან ბერძენიშვილის თქმით, ქალები მეტად ითვალისწინებენ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების პრობლემებს, უფრო მეტად მიაქვთ გულთან და ბიუჯეტის შედგენის დროს მაქსიმალურად ცდილობენ ასახული იყოს როგორც შშმ პირთა, ასევე ბავშვების, დედების უფლებრივი საკითხები.
,,შეხვედრები თვის ბოლომდე გაგრძელდება, შევხვდებით სხვადასხვა ჯგუფებს: ქალებს, არასამთავრობოსა და მედიის წარმომადგენლებს და ა.შ. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება სტიკერების გავრცელება საარჩევნო თემატიკაზე,’’-ამბობს ქეთევან ბერძენიშვილი.
,, მე ეტლით მოსარგებლე ვარ. წლევანდელ არჩევნებზე აუცილებლად წავალ, რადგან ყოველ წელს დავდიოდი. თუ მისვლას ვერ ვახერხებდი, ყუთი სახლში მოჰქონდათ. წელს უბნები ადაპტირებული იქნება, ამიტომ ხმის მიცემა არ გამიძნელდება,’’-ამბობს ნათია ჩიხლაძე.
,,შეხვედრა ინფორმაციული იყო. გავიგეთ რა ცვლილებები განხორციელდა 2021 წლის არჩევნებისთვის. ჩვენთვის, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის, უმნიშვნელოვანესია საარჩევნო გარემო იყოს ჩვენს საჭიროებებზე მორგებული,’’-ამბობს ანა ლორთქიფანიძე.
შეხვედრა პროექტის ,,მეტი ქალის ხმა’’ ფარგლებში განხორციელდა, რომელიც USAID-ისა და ISFES-ის მხარდაჭერით ხორციელდება.