პატიმართა ოჯახის წევრებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს.
ისინი პატიმართა ამნისტიას ითხოვენ და ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვები პატიმრების და მათი ოჯახის წევრების უფლებებს არღვევს.
“ამ პანდემიის პერიოდში საშინელება გამოვიარეთ. ხვეწნა, მუდარა, მოთხოვნა გვქონდა ხელისუფლების მიმართ, თუმცა იმედები გაგვიცრუეს. არ გაითვალისწინეს გამწარებული დედების, მეუღლეების, ოჯახის წევრების თხოვნა. ჩვენი მოთხოვნაა, ამ პანდემიის დროს გაითვალისწინონ პატიმრების მდგომარეობა. ორი წელია არ მინახავს შვილი, გთხოვთ, მიაწვდინოთ ხმა მთავრობას, რომ ჩვენ არ ვითხოვთ სრული თავისუფლების მინიჭებას, 1/4 თავისუფლება შეეხოს ყველა პატიმარს.” – მსჯავრდებულის დედა
“ვაპროტესტებთ იმ უფლება-შეზღუდვებს, რომელიც პატიმრების და მათი ოჯახების მიმართ არის დაწესებული პანდემიის დაწყებიდან დღემდე.
ვითხოვთ იმ მოთხოვნათა საპირწონედ, რაც კონვენციის გადახვევის გზით მიიღო სახელმწიფომ, გამოცემულ იქნეს სამართლებრივი აქტი, რომელიც შეამსუბუქებს პატიმრების მდგომარეობას, იქნება ეს ამნისტიის, თუ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების სახით, რომლის მიზანი იქნება ციხეების განტვირთვა და საფუძველი იქნება პანდემია.” – ამბობს ნათია ჩხეტიანი, ადვოკატი
ადვოკატი ამბობს, რომ თუ ჰუმანურ აქტს პატიმრების მიმართ, სახელმწიფო იღებს ომისა და საგანაგებო ვითარების დროს, ამ შემთხვევაში ჰუმანური აქტის საფუძველი უნდა იყოს პანდემიაც.
მისი თქმით, ჰუმანური აქტის საფუძველი უნდა შეეხოს ყველა მსჯავრდებულს გარკვეული დონით. ადვოკატი აცხადებს, რომ მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი მოწოდებისა, სახელმწიფომ პანდემიის საფუძველი, პატიმართა ამნისტიისთვის არ გამოიყენა.