ქუთაისში, მიკრისაფინანსო ორგანიზაცია ,,ინტელექსპრესის’’ ძარცვაში ბრალდებულებმა შიმშილობა დაიწყეს.

მიზეზი მოსამართლის, ქეთევან თხელიძის გადაწყვეტილებაა. ბრალდებულების ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე აცხადებს, რომ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც მისი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობას დაამტკიცებდა, სასამართლომ უკანონოდ მოხსნა და არ გამოიკვლია. მისი თქმით, ამით მოსამართლემ ბრალდებულებს უდანაშაულობის დამტკიცების ყველანაირი შანსი მოუსპო.

 

,,100-ზე მეტი მტკიცებულება წარვადგინეთ, რომლებიც ადასტურებენ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან. მოსამართლემ აბსოლუტურად უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მოხსნა აღნიშნული მტკიცებულებები და აკრძალა მათი გამოკვლევა. ეს მტკიცებულებები მნიშვნელოვანია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობა დადასტურდეს, მაგრამ სასამართლომ, ფაქტობრივად, პროცესის მოგების შანსი არ დაგვიტოვა. მტკიცებულებები 21 ივნისს მოხსნეს, პროცესი პროტესტის ნიშნად დავტოვე. დღეს კი ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფებმა შიმშილობა დაიწყეს. საბოლოო გადაწყვეტილება აგვისტოში უნდა გახდეს ცნობილი,’’-ამბობს არჩილ ნიჟარაძე.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ინტელექსპრესი” 2020 წლის სექტემბერში გაქურდეს. პოლიციამ ბრალდებულები ნოემბერში დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *