“ვითხოვთ პირობების შესრულებას, რათა წინ წავიდეს
პროცესი,”-ამის შესახებ რიონის ხეობის “მცველმა” ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის ჩართულობით გამართული შეხვედრის შემდეგ ბარიკადები აიღეს, თუმცა, არსებითად ხეობაში არაფერი შეცვლილა. შეთანხმება არც ნამოხვანში ახალი საპროტესტო ლოკაციის შერჩევაზე შემდგარა.
“ჩვენ მაინც არ შეგვიძლია გადაადგილება. შემოგვთავაზეს ალტერნატიული ტერიტორიები, თუმცა, იყო გამოუსადეგარი, ფერდი და საფრთხისშემცველი. ერთადერთი ადგილი, სადაც გადანაცვლება შეიძლება, ლალი ეფრემიძის მიწის მოპირდაპირე მიწაა. თუმცა ეს ადგილი პრაქტიკულად “ენკას” სამშენებლო მოედანზე მდებარეობს და გვჭირდება გარანტიები, რომ უცებ არ აღმოჩნდეს ვიღაცის საკუთრება და ამასთან დაკავშირებით შემდეგ დავები არ დაიწყოს. ველოდებოდით პასუხს გუბერნატორისგან, აქამდე არანაირი პასუხი არ მიგვიღია,”-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ხეობის “მცველების” განცხადებით, სამუშაოების შეჩერება, პოლიციის გასვლა, ხეობაში თავისუფალი მოძრაობის აღდგენა არის აუცილებლად დასაკმაყოფილებელი მოთხოვნები, რათა დაიწყოს მედიაციის პროცესი და დასტაბილურდეს მდგომარეობა.
აქტივისტებმა კარვებში უკვე 240-ე ღამე გაათიეს. მათი თქმით, ნამოხვან ჰესის მშენებლობა ხეობის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.