ქუთაისში სამუშაოს მაძიებელ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს

სხვადასხვა კომპანიებმა სხვადასხვა სახის ვაკანსიები შესთავაზეს. დასაქმების ფორუმი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გაიმართა და მასში მონაწილეობა 22-მა მსხვილი და საშუალო კომპანიამ მიიღო. სამუშაო პოზიციები სამშენებლო, სარესტორნო, სამომხმარებლო და სხვა სფეროებს მოიცავდა.

 

,,მივიღეთ ბევრი შემოთავაზება. ასეთი ფორუმები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდოს, რაც დასაქმებასთან პირდაპირ კავშირშია. ჩვენ გვჭირდება ხელშეწყობა, რათა გამოვიდეთ გარეთ და ვიყოთ საზოგადოების აქტიური წევრები. პირადად მე ვაკანსიებით არ დავინტერესებულვარ, რადგან წარმოდგენილი ვაკანსიები ჩემი ბუნებისგან შორს დგას. ხელოვანი ადამიანი ვარ და კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობა გამიჭირდება, თუმცა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ვაკანსია აკმაყოფილებთ, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ფორუმები’’-ამბობს ნატო ყურაშვილი.

,,ჩვენ ვართ სამშენებლო კოლეჯი. ზესტაფონში სამშენებლო სფეროში გადავამზადებთ ბენეფიციარებს, შემდეგ გვექნება ანაზღაურებადი პრაქტიკა, რაც მოგვცემს საშუალებას ეს ადამიანები დავასაქმოთ. რადგან კოლეჯი ზესტაფონშია, ბენეფიციარები შეეძლებათ საერთო საცხოვრებელში იცხოვრონ. ჩვენი კოლეჯი ადაპტირებულია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისწავლოს და დასაქმდეს. ჩვენი მისიაა ყველას შევუქმნათ თანაბარი პირობები,’’-ამბობს სამშენებლო კომპანია ,,კონსტრუქტორის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნიტა ხაჩიძე.

ფორუმი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივითა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. ფორუმის მხარდამჭერია ქუთაისის მერია, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *