,,რატომ დაერხა კატას’’-

 

ნათია 15 წლის

სკოლაში მასწავლებელმა დაფასთან გამომიყვანა და რადგან გაკვეთილი კარგად არ ვიცოდი, წიგნი ჩამარტყა თავში. ამის შესახებ მშობლებს ვუთხარი და ისინი დაელაპარაკენ. ამის შემდეგ იმ მასწავლებელს მსგავსი ფაქტი არ გაუმეორებია, თუმცა სხვა მასწავლებლები ხშირად გვატერორებენ. მერხთან მოდიან და თუ კითხვაზე პასუხი რამდენიმე წამში არ გავეცით, შეიძლება მერხი ამოგვიტრიალონ, რვეულები თავზე დაგვახიონ. ერთი ხანდაზმული მასწავლებელი გვყავდა რომელიც ბვშვებს ფრჩხილებით კაწრავდა, შემდეგ ასაკი მოემატა და სკოლიდან წავიდა. მანამდე ამბობდნენ, რომ სკოლაში მუშაობის დიდი სტაჟი ჰქონდა და ვერ გაუშვებდნენ.’’

ანანო 15 წლის

მასწავლებლების გვეშინია. ხელით გვეხებიან , შეურაცხყოფას გვაყენებენ. ჩემი დავალება რომ არ მოეწონა რვეულები ძირს გადამიყარა. თუ თავი დაიცავი და შეეპასუხე, გაუზრდელის იარლიყს მოგაწებებენ. აზრი არ აქვს, რომ სკოლას მივმართოთ, რადგან ბოლოს მაინც ჩვენ გამოგვიყვანენ დამნაშავეს. მასწავლებლები რომ ასე გვექცევიან, ამაზე რეაგირება არც მშობლებს აქვთ, რადგან რახან ბავშვები ვართ, თვლიან, რომ ყოველთვის დამნაშავეები უნდა ვიყოთ. შეუძლებელია ყოველთვის ბავშვი იყოს დამნაშავე.’’

ინა 15 წლის

,,მასწავლებელმა 7-იანი დამიწერა, არადა სხვა საგნებში 10-იანები მყავდა. როცა დედამ ჰკითხა ეს რისი 7-იანი იყო, პასუხი ვერ გასცა. იცით მიზეზი რა იყო, რომ ასე დაბალი ქულა დამიწერა? სხვასთან ვემზადებოდი და ეს ვერ აიტანა.’’

ადა 15 წლის

ჩემს მეზობელს ბებია სასტიკად სცემდა, წიხლებსაც კი ურტყამდა. ვუთხარით რომ პატრულს გამოვიძახებდი და ეცინებოდა. ვერ წარმოედგინა, რომ ბავშვის ცემისთვის ვინმეს დაეკავებინა. გვეუბნებოდა ჩემი შვილიშვილია და რასაც მინდა იმას ვუზამო. ის ბავშვი ახლა პირველ კლასშია და ისევ სასტიკად ექცევიან. ამაზე რეაგირება არავის აქვს, რადგან ჩვენს ქვეყანაში ბავშვის ცემა ნორმად მიიჩნევა.”

 

წარმოდგენილ მაგალითებში მკითხველი დაინახავს რა მძიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე. ბავშვებზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ხშირად  ძალადობადაც არ აღიქმება და მოძალადე ვერც კი ხვდება, რა მძიმე ტრავმას აყენებს მსხვერპლს.  სწორედ ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას ,,ვორლდ ვიჟენის” თემის განვითარების ფასილიტატორი, თიკო ჭელიშვილი.

,,როდესაც ვსაუბრობთ ბავშვთა მიმართ ძალადობაზე და განვიხილავთ მას როგორც აღზრდის ნორმას, არ უნდა გამოგვრჩეს ის კულტურული, სოციალური თავისებურებები, რაც ჩვენს სოციუმშია გავრცელებული. ქართული ანდაზაც გვასწავლის: შვილი გაზარდე მტრად და გამოგადგება მოყვარედ’’. ეს ის ნორმაა, რომელსაც ჩვენ მუდმივად გვიდებდნენ თავში. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ძალადობრივი მეთოდები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, როცა ვზრდით შვილს ან სასწავლო დაწესებულებებში ბავშვებთან გვაქვს საქმე,’’-ამბობს თიკო ჭელიშვილი.

მისივე თქმით, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვას. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვებს არ ასწავლიან მათ უფლებებს, რაც ხდის მათ მოწყვლადს და დიდია შანსი ვინმემ მასზე იძალადოს. ბავშვზე გამოვლენილი ძალადობის შემთხვევაში თიკო ჭელიშვილი ცალკეულ უწყებებს აკისრებს და ამბობს, რომ სხვადასხვა ინსტიტუციებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ბავშვთა ზრუნვის სამსახურს, რათა მოხდეს საკითხის შესწავლა და რეაგირება.

,,საქართველოს მთავრობის N437 დადგენილების საფუძველზე მიმართვიანობა უნდა განახორციელოს თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებამ, მათ შორის მუნიციპალიტეტებმა. სახელმწიფო დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს თითქმის ყველა ინსტიტუციას: განათლების სამინისტროს, შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, სპორტისა და ახალ სამინისტროს , სკოლას, მანდატურის სამსახურს. თუ ისინი რაიმე სახის უფლებრივ დარღვევას აღმოაჩენენ  აუცილებელია მიმართონ ბავშვთა ზრუნვის სამსახურს. რომელიც განახორცილებს შესაბამის ღონისძიებებს. ასევე სხვადასხვა უწყებებს ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ მყისიერი რეაქცია. ამ დროს დიდია მასწავლებლის როლი. თუ ის ხედავს, რომ რომელიმე ბავშვი დადის სკოლაში ამინდის შეუსაბამოდ, აქვს დალურჯებები , ჩაკეტილია, არის შანსი იმისა, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია. საჭიროა შესაძლო მსხვერპლის ამოცნობა და შესაბამის ორგანოში რეფერალის გაგზავნა,’’-ამბობს თიკო ჭელიშვილი.

 

იუნისეფის 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში 14 წლამდე ბავშვების 70 პროცენტს გამოუცდია ძალადობრივი აღზრდის სულ მცირე ერთი ფორმა. იმის გასაგებად რას ნიშნავს ძალადობრივი აღზრდა მოდი განვმარტოთ რა ითვლება ბავშვზე ძალადობად და რამდენი სახის ძალადობა არსებობს. ბავშვზე ძალადობად ითვლება ქმედება რომელიც ზიანს აყენებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, კოგნიტურ განვითარებას ან არ არის დაკმაყოფილებული მისი საჭიროებები. ძალადობა შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და უგულებელყოფა. ეს უკანსაკნელი ბავშვის საჭიროებების დაუკმაყოფილებლობას , ბავშვის მიმართ გამოვლენილ ნაკლებ ყურადღებას გულისხმობს“. უფრო ვრცლად ძალადობის ფორმებზე და მის მიერ გამოწვეულ უმძიმეს შედეგებზე ფსიქოლოგმა ნაზი ვარდოსანიძემ ისაუბრა.

,,ხშირად ცემა ითვლება ძალადობად, მაგარმ ყურის აწევას, თმაზე მოქაჩვას მშობლები, მასწავლებლები ძალადობად არ აღიქვამენ, არადა მსგავსი ქმედება მძიმედ აისახება ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. შეიძლება ფიზიკური ტკივილი არ განიცადოს, მაგრამ თავი დამცირებულად იგრძნოს. ხშირ შემთხვევაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ერთდროულად ხდება. როცა ბავშვს სცემენ, თან ლანძღავენ, ეუბნებიან, რომ ცუდია, რომ არაფრის ღირსი არა, რაც მძიმე ტრავმებს იწვევს. არ შეიძლება ბავშვს ვუთხრათ, რომ თუ ცუდად მოიქცევა დედა მიატოვებს, რადგან ამ დროს ბავშვი ისტრესება და როცა მშობელი ბაღში ტოვებს, იწყებს ტირილს , რადგან ეშინია, რომ დედა არ მოაკითხავს. ზოგი მშობელი პირდაპირ ეუბნება შვილს თუ ცუდად მოიქცევი არ მოგაკითხავო, რაც მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობაა. არ შეიძლება შვილები მუდმივ შიშში გვყავდეს და გვეგონოს რომ ეს ნორმაა. როცა ბავშვი ძალადობრივ გარემოში იზრდება, სცემენ, უყვირიან, არასდროს უღიმიან, დიდია შანსი მომავალში საკუთარ ძალებში ხშირად ეპარებოდეს ეჭვი, ან მოძებნოს მასზე სუსტი და რა ტკივილიც განიცადა, იგივე განაცდევინოს სხვას. ძალადობრივი მეთოდით აღზრდილ ადამინებს ხშირად ნარკოტიკებისა და აზარტული თამაშებისადმიც აქვთ მიდრეკილება.  ამის მიზეზი ისაა, რომ ტავის ტვინში არსებობს სარკისებრი ნეირონები, რომლებიც დადებით ემოციებზეა პასუხისმგებელი. როცა ბავშვს სცემენ, ეჩხუბებიან და უარყოფით ემოციებს გამოხატავენ, ეს ნეირონები არ აქტიურდება და ნელ-ნელა კვდომას იწყებს, რის შედეგადაც ადამიანს არ შეუძლია დატკბეს წვრილმანებით, როგორებიცაა: მზის ამოსვლა, ჩიტების ჭიკჭიკი, ლამაზი დილაა… მას სჭირდება ძლიერი სტიმულატორი, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს და ეს სტიმულატორი ხშირად ნარკოტიკი, ალკოჰოლი და აზარტული თამაშებია, ’’-ამბობს ნაზი ვარდოსანიძე.

რაც შეეხება ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმას-უგულებელყოფა, ნაზი ვარდოსანიძის თმით, ის განსაკუთრებით მძიმე შედეგებს იწვევს.

,,თუ ბავშვის საჭიროებები დაკმაყოფილებული არაა, თუ მშობელი შვილს ყურადღებას არ აქცევს, ეს ბავშვისთვის საკმაოდ დიდი სტრესია. ბავშვს ურჩევნია უყვირონ , ეჩხუბონ და მის მიმართ უარყოფითი ემოციები გამოხატონ, ვიდრე საერთოდ არ აინტერესებდეთ. ასეთი ბავშვები ყველა გზით ცდილობენ მშობლის ყურადღების მიქცევას’’-განმარტავს ფსიქოლოგი.

ნაზი ვარდოსანიძის განმარტებით, იმისთვის, რომ ბავშვი ჰარმონიულად გაიზარდოს, საჭიროა მას უსმენდნენ, ეფერებოდნენ, აგრძნობინებდნენ სიყვარულს, აქებდნენ კარგი საქციელისთვის, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში დასჯაც გამართლებულია. ოღონდ დასჯის აღზრდის წამყვან ფორმად გამოყენება დაუშვებელია.

,,დასჯა შეიძლება იყოს ჰუმანური. ეს უნდა იყოს სასიამოვნო სტიმულის ჩამოშორება. მაგალითად, ბავშვს არ მივცეთ კომპიუტერის გამოყენების უფლება. მას უარს ვეუბნებით თავის სურვილზე და ეს დასჯის გამართლებული ხერხია. დასჯასთან ერთად საჭიროა ბავშვის შექება კარგი საქციელისთვის. არ უნდა გამოგვეპაროს მისი არცერთი მიღწევა, უნდა შევაქოთ და წავახალისოთ ამისთვის. თუ რაღაც არ მოგვეწონა, თუ შეცდომა დაუშვა, შეურაცხყოფის მიყენება გაუმართლებელია. ამის ნაცვლად უნდა ვესაუბროთ ჩვენს ემოციებზე, ვუთხრათ რა ვიგრძენით მათი საქციელის გამო, მაგალითად: მე ძალიან მეწყინა შენ რომ ჩემი ოთახი არიე და არ მომეხმარე დალაგებაში.   ემოციების გამოხატვით ბავშვს სხვისი ემოციების გაგებასაც ვასწავლით და ასე ემპათიის უნარიც უმუშავდება, ’’-ამბობს ნაზი ვარდოსანიძე.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე  1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *