სახალხო დამცველი ეკონომიკის სამინისტროს
მიმართავს. ომბუდსმენი უწყებას მოუწოდებს, შუქრუთის მოსახლეობასა და “ჯორჯიან მანგანეზს” შორის მოლაპარაკებების პროცესში როგორც მედიატორი ჩაერთოს.
სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ ომბუდსმენს კომუნიკაცია აქვს როგორც მოსახლეობასთან, ასევე კომპანიასთან. მოსახლეობა კომპენსაციას ითხოვს. პროტესტის მონაწილეები უნდობლობას უცხადებენ კომპანიის მიერ ჩატარებულ შეფასებებს და ითხოვენ კომპენსაციის ოდენობა სსიპ “ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ” განსაზღვროს, სადავოა მხარეებს შორის ქონების შეფასების მეთოდოლოგიაც. ასევე, მოსახლეობის მოთხოვნაა, შესაბამისი ხელშეკრულებით გაიწეროს კომპანიის მიერ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება და ვადები.
კომპანიაში განაცხადეს, რომ კომპანიამ შუქრუთის დაზარალებულ მაცხოვრებელთა ქონება საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით შეაფასა. ამასთან, წარმომადგენლის თქმით, კომპენსაციის გაცემა არ გულისხმობს ქონებაზე საკუთრების და სარგებლობის უფლების ჩამორთმევას. კომპანიის წარმომადგენელის ცნობით, მოსახლეობასთან ხელშეკრულებები ეტაპობრივად, დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით ფორმდება.
უკვე 105 დღეა რაც აქციები მიმდინარეობს, ხოლო 20 დღეზე მეტია აქციის მონაწილეთა ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა – პირი ამოიკერა და შიმშილობს.