ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში არსებული მდგომარეობა
ქუთაისში პერფორმანსით გააპროტესტეს. სამოქალაქო აქტივისტებმა ცენტრალურ ბულვართან გალია მიიტანეს. მათი თქმით, პანსიონატში ბავშვთა უფლებები ირღვევა, თუმცა, მისი ხელმძღვანელი მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველს იქ შესვლის საშუალებას არ აძლევს. სამოქალაქო აქტივისტის, აკაკი საღინაძის თქმით, გალია სიმბოლურად გამოხატავს პანსიონატს, რომელიც დაკეტილია და ციხე-სიმაგრეს გავს.
“დღეს ყველაზე ჩაგრული ჯგუფი არიან ნინოწმინდის პანსიონატში მცხოვრები ობოლი ბავშვები. მათ ძალიან დიდი ზომის საცხოვრებელში უწევთ ცხოვრება, რაც ზოგადად არის მიუღებელი. სამწუხაროდ, მეუფე სპირიდონი, რომელიც არის ბავშვთა თავშესაფრის ხელმძღვანელი, არ აძლევს სახალხო დამცველს იქ შესვლის საშუალებას. მითუმეტეს, 2015 წლის ანგარიშში ძალიან კარგად ჩანს რა პირობებში უწევდათ ბავშვებს ცხოვრება. ეს არის ბულინგი, მკაცრი სასჯელები. ამ ქვეყანაში ბავშვთა უფლებები არ არის დაცული,”-ამბობს აკაკი საღინაძე.
აქტივისტები სახელმწიფოს დაუყოვნებლივი რეაგირებისაკენ მოუწოდებენ.