რიონის ხეობაში, სოფელ გუმათთან, სადაც რკინის
ბარიკადებია აღმართული, გამოძიება კვლავ განახლდა. აქტივისტების ინფორმაციით, ექსპერტ-კრიმინალისტები რკინის ჯებირების დაზიანების ფაქტს იძიებენ. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბარიკადების დაზიანების საქმეზე გამოძიება კვლავ დაიწყო. ექსპერტ კრიმინალისტები დაადგენენ, რა ტიპის ზიანი მიადგა რკინის ჯებირებს. სამწუხაროდ, ასეთ აბსურდში გვიწევს ცხოვრება. იმედია, მალე დასრულდება ეს ყველაფერი,”-ამბობს რიონის ხეობის “მცველი”, ვარლამ გოლეთიანი.
აქტივისტები კვლავ ჯებირთან არიან შეკრებილები. ისინი ჯებირზე მუშტებს კვლავ ურტყამენ. ხეობის “მცველები” არ გამორიცხავენ, რომ მათი დაკავება მოხდეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რიონის ხეობაში თუ საჭირო გახდება სიტუაციის განსამუხტად სპეცრაზმი გაზს და წყლის ჭავლსაც გამოიყენებს. ამის შესახებ გომალეურმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
27 მაისს შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.