მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს
მღვიმე და სათაფლია ვიზიტორთათვის დღეიდან მუშაობას განაახლებს. მღვიმეები და კანიონები დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იფუნქციონირებენ.
“იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ახალი აეროპორტის საშუალებით 5 ქვეყნის 9 ქალაქიდან ვიღებთ ტურისტებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შევთავაზოთ ის ატრაქციები, რომლებიც მუშაობდა პანდემიამდე. თავისთავად, მათ შორის არის ის დაცული ტერიტორიები, რომლებიც საკმაოდ დიდი მონახულების სფერო იყო ჩვენი ტურისტებისთვის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პრომეთე, რომელიც ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა ჩვენს ტურისტებს შორის. ახლა უკვე ყველა მზად არის იმისთვის, რომ 26 მაისს გაიხსნას და მიიღოს ტურისტები და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები,”- განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ.
დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ სავალდებულოა კოვიდ 19-ის წინაღმდეგ რეკომენდაციების დაცვა. მათ შორის დახურულ და ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას სავალდებულოა პირბადე, რომელიც კარგად ფარავს ცხვირსა და პირს, ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა, სავალდებულოა 2 მეტრიანი დისტანცია, რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით.
დასავლეთ საქართველოში აღნიშნული ტურისტული ლოკაციების გახსნას ახალგაზრდა გიდების ასოციაცია ითხოვდა. მისი წარმომადგენლის, ლაშა ბერეკაშვილის თქმით, ობიექტების მუშაობის შეჩერება მძიმედ აისახება ადგილობრივ მოსახლეობასა და სასტუმროებზე.