“ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურაში შექმნილ ვითარებასა
და მაღაროელების გაფიცვას ეხმაურება. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, მაღაროელებს ხელფასი 250 ლარით გაუზარდონ, თუმცა, ჩერდება ყველა ის არაპროფილური აქტივობა თუ სოციალური პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა სხვადასხვა ბენეფიციარის სასარგებლოდ.
“პროფკავშირებთან მოლაპარაკების შედეგად, შევთანხმდით, თითოეული მაღაროელის და მუშა-მოსამსახურის ანაზღაურების 250 ლარით მატებაზე. ამის ხარჯზე კომპანიის და მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების მიერ ჩერდება ყველა ის არაპროფილური აქტივობა თუ სოციალური პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა სხვადასხვა ბენეფიციარის სასარგებლოდ.
ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულ შეთავაზებას კომპანია აფასებს, როგორც ანაზღაურების ერთიანად მატების უპრეცედენტო შემთხვევას, რომელზეც კომპანია პროფკავშირების აქტიური ჩართულობითა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით მიდის,”-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ჭიათურაში მაღაროელები დღეს გაიფიცნენ. ისინი სახელფასო ანაზღაურების 50 %-ით ზრდას ითხოვენ და მუნიციპალიტეტის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. მაღაროელები ამბობენ, რომ მუშაობას იმ შემთხვევაში განაახლებენ, თუ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ფასები იმატებს, თუმცა ანაზღაურება იგივე რჩება, რაც არასაკმარისია.