ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს,
თუმცა მასზე სამართლებრივი დავა გრძელდება. შსს ბუბა ჩივაძეს პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. აღნიშნული მუხლი ადმინისტრაციულ ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესი 8 აპრილის შემდეგ ჩაინიშნება.
როგორც ბუბა ჩივაძე ამბობს, ამზადებდა მასალას იმის შესახებ, როგორ დასაქმდნენ ქუთაისის მერის ცოლის მეგობრები მერიაში და როგორ ექცეოდნენ ისინი თანამშრომლებს, რის შესახებაც მერმა შეიტყო და სავარაუდოდ, ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჟურნალისტს შენობაში არ უშვებდნენ.
,,იოსებ ხახალეიშვილის ცოლის მეგობრები მას შემდეგ დასაქმდნენ მერიაში, რაც აღნიშნული ბატონი ქალაქის მერი გახდა. ეს ადამიანები ძალიან ცუდად ექცევიან თანამშრომლებს. ამასთან დაკავშირებით მასალას ვამზადებ და როგორც ჩანს, ამის გამო შემიქმნეს პრობლემები მერიაში შესვლაზე. ქუთაისის მერიას მერი არ მართავს, მართავს მისი ცოლი, შვილები, სიდედრი, ცოლის მეგობრები და ა.შ,’’-ამბობს ბუბა ჩივაძე.
ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე პოლიციამ 5 აპრილს დააკავა. შემთხვევას ბუბა ჩივაძესა და მერიის დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება უძღოდა. Kutaisi today-ს რედაქტორს მერიაში შესვლის უფლება მერიის დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, დაცვამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ ბუბა ჩივაძე მერის სამუშაო ოთახში შეიჭრა და შიმშილობა დაიწყო. ის აცხადებდა, რომ შიმშილობას მანამ არ შეწყვეტდა, სანამ ქუთაისის მერი არ შეხვდებოდა. სამართალდამცველებმა ჟურნალისტი მერიის შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს და ხელბორკილი დაადეს. ტრანსპორტირების დროს ჟურნალისტი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. საავადმყოფოდან ის გუშინ გამოწერეს.