163-ე ღამეა რიონის ხეობის მოსახლეობა უწყვეტ პროტესტს
აგრძელებს. ხეობის “მცველებს” კარავი ორ ლოკაციაზე, გუმათსა და ნამოხვანში აქვთ გაშლილი. სოფელ გუმათთან მესამე დღეა გადაადგილება შეზღუდულია. როგორც ხეობის “მცველი” ვარლამ გოლეთიანი ამბობს, პოლიცია მოქალაქეების შერჩევითობის პრინციპით გადაადგილებას ახორციელებს. ტერიტორიის გავლის საშუალება არ ეძლევათ იმ ადამიანებს, რომლებიც ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.
“პოლიცია კვლავ იმავე ადგილზე რჩება და ადამიანებს ხეობაში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. სავარაუდო აქტივისტებს გადაადგილების უფლება არ აქვთ. სოფლის ტრანსპორტს ჩხრეკენ და ყველას პირადობას ართმევენ, ფოტოებს უღებენ და ბაზაში ამოწმებენ. თუ ვინმე ნამოხვანში ჩამოვა, მეორეჯერ აქ შემოსვლას ვეღარ შეძლებს. ეს არის ადამიანის უფლებების პირდაპირი დარღვევა. როდესაც ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, პოლიციის განმარტებაში შესაძლოა კიდევ მოგვეძებნა ლოგიკა, თუმცა ახლა რაც ხდება გაუმართლებელია, ამით საფრთხე არავის შეექმნება,”-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
სოფელ გუმათთან პოლიციამ გადაადგილება 4 აპრილს შეზღუდა.
თვეებია რიონის ხეობის მოსახლეობა ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, შეიცვლება კლიმატი.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”