ბოლო პერიოდში საქართველოში სექსუალური ძალადობის არაერთი ფაქტი გახმაურდა.
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში სისხლის სამართლებრივი დევნა გაუპატიურების ან სხვა სახის გარყვნილი ქმედების გამო 150 პირის მიმართ დაიწყო, ეს მხოლოდ გახმაურებული სტატისტიკაა. არის შემთხვევები, რომლებზეც არავინ საუბრობს და ინფორმაცია სამართალდამცველ ორგანოებამდე ვერ მიდის. ტაბუდადებული თემა ძალადობის მსხვერპლის ცხოვრებას მეტად აუტანელს ხდის. მტრული გარემო ძალადობაგანცდილი ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას მეტად ართულებს, შედეგად, მსხვერპლი მომხდარს მალავს, მოძალადე კი თავს არხეინად გრძნობს. მდგომარეობა გაცილებით მძიმეა მაშინ, როცა მსხვერპლი არასრულწლოვანია.
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სექსუალური ძალადობის ფაქტები მინიმუმადე დავიყვანოთ?
სპეციალისტების აზრით, მნიშვნელოვანია პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარება, რათა თავიდან ავიცილოთ სავალალო შედეგები. სექსუალური განათლების შემოღება სკოლებში, არსებული კანონმდებლობის დახვეწა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა -ეს ის ნაბიჯებია, რომელიც შემზარავ რეალობას თავიდან აგვაცილებს.
სად არის კანონში პრობლემა?
სახალხო დამცველის წარმომადგენლის, გვანცა ხარატიშვილის თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი დასახვეწია, კერძოდ, უნდა გადაკვალიფიცირდეს 137-ე მუხლი, რომლის მიხედვით, გაუპატიურების და სექსუალური ძალადობის მუხლები შეზღუდულ დეფინიციას ითვალისწინებს, გაუპატიურებად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით. იურისტი ამბობს, რომ აღნიშნული მუხლი წინააღმდეგობაში მოდის სტამბოლის კონვენციასთან და აუცილებელია სექსუალურ ძალადობად ჩაითვალოს ქმედება, როცა სექსუალური კავშირი მყარდება მსხვერპლის თანხმობის გარეშე, მაშინაც კი, როცა პირი არ იყენებს ძალადობის ფორმას.
,,გაუპატიურებად უნდა ითვლებოდეს კავშირი მსხვერპლის თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანხმობის გარეშე, ხოლო ძალადობით ჩადენილი სექსუალური ქმედების შემთხვევაში მოძალადეს ბრალი უნდა უმძიმდებოდეს. ამ ნაწილში ბევრი რამაა შესაცვლელი ჩვენს კანონმდებლობაში,’’-ამბობს გვანცა ხარატიშვილი.
რატომ არის მნიშვნელოვანი სექსუალური განათლება?
საზოგადოების ნაწილი, სექსუალურ განათლებას გარყვნილებასთან აიგივებს და სკოლებში ამ ტიპის სწავლების შემოღების წინააღმდეგია, თუმცა მათმა უმეტესობამ არ იცის რა ფუნდამენტურ პრინციპებზეა დაფუძნებული ის. რას გულისხმობს სექსუალური განათლება და რა რისკებისგან გვიცავს ის? -ამასთან დაკავშირებით რადიო ,ძველ ქალაქთან’’ იმერეთის განვითარების ცენტრის თემის განვითარების ფასილიტატორმა ბავშვთა დაცვის მიმართულებით, თიკო ჭელიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, სექსუალური განათლება პირველ რიგში უფლებების ცოდნას გულისხმობს და მნიშვნელოვანია ყველა ბავშვი ფლობდეს ინფორმაციას მისი უფლებების შესახებ.
,, აქ ფუნდამენტალურად ისწავლება ბავშვის უფლებები და ყველა იმ სტრუქტურის უფლება-მოვალეობები, რომლებიც ჩართულნი უნდა იყვნენ ძალადობის შემთხვევაში პრობლემის მოგვარებაში. ბავშვმა უნდა იცოდეს რომელ კომპეტენტურ ორგანოს მიმართოს, რომ რისკები თავიდან აიცილოს. ის ასევე სწავლობს როგორ დაიცვას თავისი ღირსება, როგორ გაუწიოს თავს ადვოკატირება და როგორ დაიცვას თანატოლი ძალადობისგან. ბავშვები ასევე ისწავლიან რა რისკები არსებობს როცა ადრეულ ასაკში ამყარებენ სქესობრივ კონტაქტებს, როგორ დაიცვან თავი სექსუალური კონტაქტის გზით გადამდები დაავადებებისგან, ადრეული ორსულობისგან და ადრეული ქორწინებისგან. დღეს ის ადამიანები აპროტესტებენ, სკოლებში სექსუალური განათლების შემოღებას, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ბავშვის უფლებებთან. სწორედ ამ ტიპის განათლების არარსებობა და ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნა ხდის მოზარდს მოწყვლადს, რის გამოც მარტივად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ და დიდია რისკი ვინმემ მასზე იძალადოს,’’-ამბობს თიკო ჭელიშვილი.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის N437 დადგენილების მიხედვით, სკოლა ვალდებულია ძალადობის მსხვერპლის გამოვლენის შემთხვევაში წერილობით აცნობოს ბავშვთა ზრუნვის სამსახურს, რომელიც განახორცილებს შესაბამის ღონისძიებებს. ასევე სხვადასხვა უწყებებს ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ მყისიერი რეაქცია. თიკო ჭელიშვილი მასწავლებლის მხრიდან შესაძლო მსხვერპლის ამოცნობის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ თუ მასწავლებელი შენიშნავს, რომ რომელიმე ბავშვის სექსუალური ან სხვა სახის ძალადობის მსხვერპლია, მას კანონი ავალდებულებს გააგზავნოს რეფერალი შესაბამის უწყებაში.
პერსონალური ქოუჩი ნათია ბიბილური რადიო ,,ძველ ქალაქთან’’ საუბარში ძალადობის თავიდან ასაცილებლად მშობლების ინფორმირებულობაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ნათია ბიბილურმა განმარტა, აუცილებელია ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ჰქონდეს პირადი სივრცის განცდა და თუ ვინმე ამ სივრცეში შემოიჭრება, ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება.
,,საჭიროა ბავშვს ჰქონდეს მისი პირადი სივრცე. იმ შემთხვევაშიც კი თუ ერთ ოთახში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, ბავშვს უნდა ჰქონდეს მისი კუთხე, რომელსაც მის დაუკითხავად ვერავინ შეეხება. მშობელმა ამისთვის ნებართვა უნდა ითხოვოს. ასევე ბანაობის დროს მნიშვნელოვანია შვილს ჰქონდეს პირადი სივრცის განცდა, მშობელმა დაუსვას შვილს კითხვა შეიძლება დაგეხმარო? და მხოლოდ ბავშვის თანხმობის შემთხვევაში დაეხმაროს,’’-ამბობს ნათია ბიბილური.
სპეციალისტი ასევე სექსუალური ხასიათის ქმედების გამოვლენის შემთხვევაში მშობლის ადეკვატურ რეაგირებას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია შვილს ჰქონდეს მშობლის ნდობა, რათა მომხდარი ფაქტების შესახებ მშობელს უამბობს.
,,ხშირად ბავშვებით მანიპულირებენ. თუ ბავშვი არასათანადოს მოიქცევა, ეუბნებიან რომ დედას ეტყვიან და დედა გაუბრაზდება, რაც იწვევს შიშს და ბავშვი ხდება ჩაკეტილი. ეს მდგომარეობას ართულებს. ასევე აუცილებელია ბავშვებმა იცოდნენ გენიტალიების ზუსტი დასახელება, რათა უცნობი ადამიანებისგან ის სხვანაირად არ გაიგონ, რაც არასასურველი კავშირის დამყარების რისკს გაზრდის,’’-აღნიშნა ნათია ბიბილურმა.
რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის მუშაობა?
ძალადობას სამი მოქმედი პირი ჰყავს: მსხვერპლი, მოძალადე და საზოგადოება, რომელიც მსხვერპლის მიმართ შეუწყნარებელია. სამოქალაქო აქტივისტის, აკაკი საღინაძის თქმით, საქართველოს მოსახლეობა თავის საბჭოთა მემკვიდრეობითი ცნობიერებით შორს დგას ფართო მოქალაქეობრივი გაგებიდან, რის დადასტურებაც საქართველოში მომხდარი სექსუალური ძალადობის ფაქტები და მასზე საზოგადოების რეაგირებაა. 14 წლის ნინის მაგალითი ნათლად ადასტურებს, რომ საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს უდიერად ექცევა და ხშირად თვითმკვლელობამდეც მიჰყავს. იმისთვის, რომ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით საზოგადოების თვითშეგნების დონე ამაღლდეს, სამოქალაქო აქტივისტის აზრით, აუცილებელია სხვადასხვა სახის ღონისძიებების გატარება, მათ შორის, ბანაკების, ტრენინგების და მასმედიის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირება.
,,არაფორმალური განათლება არ არის ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი. არადა ეს არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს. ამ კუთხით არასამთავრობო სექტორი მუშაობს, სახელმწიფო არა. საჭიროა მეტი ახალგაზრდული პროექტი, რათა საზოგადოებამ არ გაკიცხოს მსხვერპლი. თუ ეს გამოსწორდება, მსხვერპლიც ნაკლებად დამალავს გადატანილ ძალადობას და მოძალადესაც აღარ ექნება დაუსჯელობის სინდრომი,’’-ამბობს აკაკი საღინაძე.
ხოლო მანამ სანამ საზოგადოების თვითშეგნების დონე გაიზრდება, საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა და ბავშვებს მათ უფლებებს ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან-საქართველო ისევ დარჩება ქვეყნად, რომელშიც სექსუალური ძალადობისგან დაზღვეული ვერცერთი ადამიანი იქნება.