შროშაში მცხოვრებლები ავტობანის მშენებლობის
დროს მათი საცხოვრებლები სახლების დაზიანებაზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივი ლევან გველესიანი ამბობს, რომ სამუშაოების დროს ჩატარებული აფეთქებების შედეგად მის საცხოვრებელ სახლს ბზარები გაუჩნდა, სახლის წინ მიწა ჩავარდა და აივნიდან რიკულები ჩამოცვივდა. ადგილობრივი ამბობს, რომ საცხოვრებელ სახლში ვერ შედის, რადგან იქ ცხოვრება უსაფრთხოდ არ მიაჩნია.
“მე სახლში ვერ შევდივარ და ბავშვებს ვერ შევიყვან. იქ ცხოვრება საშიშია. მოდიან და ფულს გვთავაზობენ. ორი მოსახლე გვყავს გვერდით, მათაც პრობლემები აქვთ. ერთის საქმე უკვე სასამართლოშია. კომუნიკაცია მშენებელ კომპანიასთან, გზების დეპარტამენტთან გვქონდა, თუმცა, არანაირი შედეგი არ ყოფილა,”-ამბობს ადგილობრივი ლევან გველესიანი და აცხადებს, რომ კომპანიას სამუშაოების გაგრძელების საშუალებას აღარ მისცემს თუ აფეთქებები გაგრძელდება.
ადგილობრივებს ორი მოთხოვნა აქვთ, ქართული მხარის დამოწმებით მისცენ დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ტერიტორიაზე ცხოვრება უსაფრთხოა ან წინააღმდეგ შემთხვევაში გაასახლონ.
აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია ახორციელებს.