დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ონისა და ნამოხვანჰესების
multicat=36 მშენებლობის წინააღმდეგ პეტიცია განიხილა, რომელსაც ხელი 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. კომიტეტის სხდომაზე პეტიცია მოძრაობა “რიონის ხეობის გადასარჩენად” წევრმა, ვარლამ გოლეთიანმა წარადგინა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, პეტიცია შესაბამის სამინისტროში გადაიგზავნა, რის მიზეზადაც კომიტეტში საკმარისი რესურსის არ არსებობა დასახელდა.
“პეტიცია გადაეგზავნა შესაბამის სამინისტროს. იმ სამინისტროს, რომელმაც თვითონ ნამოხვანის ჰესის პროექტი მოამზადა. ის ინსტიტუციებია ჩართული, რომელთაც ნებართვები გასცეს ამ პროექტებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ამას დიდი შედეგი ვერ ექნება,”-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
გოლეთიანი ამბობს, რომ პროტესტის მიუხედავად, ჰესის სამშენებლო სამუშაოები განახლდა და გვიან ღამით კომენდანტის საათის დროს მიმდინარეობს.
ჰესის მშენებელმა კომპანიამ კი საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიმართ მიმართვა გაავრცელა. მიმართვაში ნათქვამია, რომ პეტიციის ავტორებს შეცდომაში შეჰყავთ მოსახლეობა, რადგანაც ისინი ამტკიცებენ, თითქოს “ნამახვანის კასკადი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ – ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც და რეგიონის მდგრად განვითარებას”, ყოველგვარი დასაბუთებისა და მყარი არგუმენტების გარეშე.
“ჩვენ პატივს ვცემთ აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მიზანმიმართულ კამპანიასთან, რომლის ერთადერთი ამოცანაა – 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელებისთვის ხელის შეშლა და ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის სრული გაჩერება,”-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
თვეებია მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებლობა მათს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.