ქუთაისში ყვავილებით მოვაჭრეებს ბაზრობაზე შესასვლელად
ერთკვირიანი ვადა მისცეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ისინი მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და პოლიციამ გააფრთხილა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათს დახლებს დაშლიან.
მოვაჭრეებს მერია ტერიტორიის დატოვებას თხოვს, რადგან ადგილზე სკვერი უნდა მოეწყოს. ყვავილებით მოვაჭრეები ამბობენ, რომ ისინი მინდვრის ყვავილებს ყიდიან და ბაზარში შესვლასა და გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ.
“ძალიან მცირე რაოდენობის ყვავილები გვაქვს, ვერ შევალთ ბაზარში. ერთი კვირა მოგვცეს და გვითხრეს, თუ შიგნით არ შეხვალთ, სხვანაირ ხერხს მივმართავთო. გვემუქრებიან, პოლიციის ძალით ავიღებთ დახლებსო. ჩვენ მხოლოდ ერთი თხოვნა გვაქვს, მოგცენ მუშაობის საშუალება,”-ამბობს გულნარა ბობოხიძე.
მოვაჭრეები ტერიტორიიდან გასვლას არც ერთი კვირის ვადაში აპირებენ.
მათ აქცია მერიასთანაც გამართეს და მერიის წარმომადგენელთან შეხვედრაც მოითხოვეს, თუმცა, თვითმმართველობა გადაწყვეტილებას არ ცვლის.