კატო მიქელაძის პრემიის წლევანდელი გამარჯვებული მარიამ
ქაჯაია გახდა. მარიამი წლების განმავლობაში ჩართულია როგორც აქტივისტურ, ისე ინტიტუციონალიზებ უფლებადაცვით საქმიანობაში. ამჟამად მუშაობს “იდენტობა იუს”-ის რეგიონულ ოფისში, ბათუმში.
“მარიამი სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი ფემინისტი აქტივისტი და მოაზროვნეა. მისი შრომა ზრუნვის ეთიკის ყველაზე ემპათიურ გაგებაზე დგას და მუდმივ თვითგაუმჯობესებასა და თვითკრიტიკას ეფუძნება. ბოლო წლების განმავლობაში მისი უანგარო შრომა ადგილობრივად ქვიარ ჯგუფის გაძლიერებისთვის და ქალთა საჭიროებების გამოკვეთისთვის არსებითი მნიშვნელობის იყო,”-ნათქვამია მარიამის წარდგენაში.
კატო მიქელაძის პრემიაზე წელს ქუთაისიდან ორი კანდიდატი იყო წარდგენილი- ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი და ხელოვნებათმცოდნე ნატალი პატარიძე და ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე.
2015 წელს კი ქუთაისიდან პრემიის მფლობელი ფემინისტი, მხატვარი და აქტივისტი ლია უკლება გახდა.
ქალთა ფონდმა საქართველოში, 2013 წელს დააწესა “კატო მიქელაძის სახელობის პრემია”, რომელსაც ყოველწლიურად, 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში.
კატო მიქელაძის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ახალი სახეების წარმოჩენა, წახალისება.
2013 წელს კატო მიქელაძის პრემიის პირველი მფლობელი გახდა ეკატერინე აღდგომელაშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
ფოტო: Women’s Fund in Georgia