კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით გამკაცრებული
რეგულაციები ყველაზე მეტად, როგორც რადიო „ძველი ქალაქის“ გამოკითხვამ აჩვენა, სარესტორნო ბიზნესსა და სილამაზის სალონებს აზარალებს. ,,ძველი ქალაქი’’ შეეცადა გაერკვია რა ვითარებაა ამ დროისთვის რესტორნებსა და სალონებში, რამდენად აისახა მიღებული რეგულაციები მათ შემოსავალსა და თანამშრომლების რაოდენობაზე.
რესტორანმა ,,რერომ’’ სექტემბერში შვიდი 100-კაციანი სუფრა გააუქმა, შესაბამისად, მისი შემოსავალი ამ თვეში დიდი ვერ იქნება. მენეჯერი გიორგი ლომინაძე რადიო ,,ძველ ქალაქთან’’ საუბარში ამბობს, რომ მიღებული რეგულაციების შედეგად რესტორანი ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე რჩება. როგორც გიორგი ლომინაძე განმარტავს, შექმნილი მდგომარეობის გამო იძულებულნი არიან დარბაზი დაკეტონ, იმუშავებს მხოლოდ კუპე და სახინკლე, შემოსული თანხა კი მხოლოდ გადასახადებს და თანამშრომელთა ხელფასებს მოხმარდება.
,,ჩვენი მიზანი ახლა მხოლოდ თანამშრომლების შენარჩუნებაა. მოგებაზე საუბარი ზედმეტია. სესხი გვაქვს გამოტანილი, თვეში, დაახლოებით, 10 400 ევროს ვიხდით და ამ პირობებში როგორ უნდა გადავიხადოთ?-აღნიშნა გიორგი ლომინაძემ.
რეგულაციების კვლავ გამკაცრებამ პრობლემები შექმნა ,,რესტორან გრანდ პალასშიც’’. როგორც რესტორნის მენეჯერი, მერაბ შალამბერიძე ამბობს, შესაძლებელია დაწესებულებამ ხარჯებს ვერ გაუძლოს და დაიკეტოს.
,,ჯერჯერობით მაინც ვმუშაობთ ცოტას. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია თანამშრომელთა რაოდენობაც შემცირდება. მთავრობამ აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო, საარჩევნო აგიტაციისთვის ხალხის შეკრება არ აუკრძალავს და მაინცდამაინც ქორწილშია საშიში პანდემია? ძალიან ებრძვიან ქართულ სუფრებს და ქართულ ტრადიციებს’’-აღნიშნა მერაბ შალამბერიძემ.
შექმნილი ვითარების გამო პრობლემები ექმნებათ სალონში დასაქმებულ ადამიანებსაც.
ინგა წასიძე უკვე ორი წელია ვიზაჟისტად მუშაობს. იმის გამო, რომ მთავრობამ 10 სექტემბრიდან ქორწილების, დაბადების დღეებისა და სხვა ღონისძიებების აღნიშვნა აკრძალა და რეგულაციები დაუყოვნებლივ ამოქმედდა, ინგას ბევრმა კლიენტმა სალონში დაჯავშნილი ვიზიტი გააუქმა. როგორც ვიზაჟისტი ამბობს, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სალონში დასაქმებული ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება.
,,გუშინ თქვეს, რომ სუფრები აიკრძალებოდა და დღეს უკვე დახურული იყო ყველაფერი. მოულოდნელი იყო ჩემთვისაც და ჩემი კლიენტებისთვისაც რაც მოხდა. მე რომ ოჯახი არ მყავდეს და არ მეხმარებოდეს, ალბათ ასეთ პირობებში თავს ვერ გავიტანდი’’.
ინგას მსგავსად ფინანსურად დაზარალდა ვიზაჟისტი ია კიკაჩეიშვილიც. მისი თქმით, ძირითად შემოსავალს საქორწილო მაკიაჟი შეადგენდა, რეგულაციების შედეგად კი მისი შემოსავალი განახევრდება.
,,ახლა ძირითადად ეპილაციაზე, სახის გაწმენდაზე და სხვა პროცედურებზე ვიმუშავებ. რა თქმა უნდა, იმდენ თანხას ვერ ავიღებ, რასაც აქამდე ვიღებდი, მაგრამ სახლში ჯდომას მაინც ეს ჯობია. იმედი მაქვს, მდგომარეობა გამოსწორდება და მუშაობის ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით’’-ამბობს ია კიკაჩეიშვილი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 სექტემბრიდან ქვეყანაში დაბადების დღეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა ხალხმრავალი შეკრება იკრძალება. ასევე იკრძალება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება.