სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა
რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება. მთავრობის ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ კომპენსაციის მიმღები 245 421 თვითდასაქმებული დარეგისტრირდა. მათგან 160 161-მა უკვე მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია, სულ გადაირიცხა 48 048 300 ლარი. რეგისტრაციის ვადის ამოწურვის მიუხედავად, უკვე დარეგისტრირებული პირებისთვის თანხების ჩარიცხვა გრძელდება.
რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, აპრილის თვის კომპენსაცია 200 ლარის ოდენობით ჩაერიცხა 90 131 პირს; მაისის თვის – 135 670 პირს, ივნისის – 118 058 პირს. გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 68 771 800 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებულთა წრე გაფართოვდა და დახმარებით უკვე საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.
პორტალზე დარეგისტრირდა უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული 35 564 პირი. მათგან 28 717-ს უკვე დაერიცხა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, ჯამში – 8 615 100 ლარი.
რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე – 2020 წლის პირველ აგვისტომდე უკვე რეგისტრირებულ პირებსაც მიეცათ შესაძლებლობა, არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია განაახლონ.