დღეიდან საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება. დღეიდან გაიხსნა ღია სივრცის მქონე რესტორნებიც.
კვების ობიექტებისთვის ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს, წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებას და უნაღდო ანგარიშსწორებისთვის უპირატესობის მინიჭებას.
მაღაზიებს და სავაჭრო მოლებს წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა. მათ შორის, ობიექტში შესვლამდე მომხმარებელმა წარმატებით უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი. ჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა აღნიშნული ოთახების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება 2-საათიანი ინტერვალებით უნდა მოხდეს.
რაც შეეხება რესტორნებს, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება.
ამასთან, ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია და ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს.
დოკუმენტის თანახმად, დახურული სივრცეები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაციით, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, შესაძლებელია ხელოვნური ვენტილაციის გამოყენება, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით.