კორონავირუსის გამო, არდადეგების გამოცხადების შემდეგ, ქუთაისის საბავშვო ბაღებში
დარჩენილი მალფუჭებადი პროდუქტები ბაღის აღსაზრდელებს არ გადაეცემათ. ამის შესახებ ქუთაისის მერიაში განაცხადეს. მერიაში განმარტეს, რომ აღნიშნული ტიპის პროდუქტები მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე გადანაწილდა.
“მალეფუჭებადი პროდუქტები (კარაქი, კვერცხი, მაწონი, ყველი) გაუნაწილდა მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა მშობლებსა და სოციალურად დაუცველებს. სულ 65 ოჯახს გადაეცა “ბაგა-ბაღების გაერთიანების” მიერ ბავშვთა კვებისათვის შეძენილი პროდუქტები. აღსანიშნავია, რომ 10 -მდე ოჯახს, რომლებსაც ჰქონდათ გადაადგილების პრობლემა, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პროდუქტი სახლებში მიუტანეს,”-განაცხადეს ქუთაისის მერიაში.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში 1-ლ აპრილამდე შეწყდა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე