ტყიბულში, ძიძიგურის შახტში დასაქმებულებმა საპროტესტო
აქციები განაახლეს. 200-მდე მეშახტემ კვლავ უარი განაცხადა სამუშაოს შესრულებაზე.
მეშახტეებმა საპროტესტო აქციები თებერვლის თვეშიც გამართეს, თუმცა, პროტესტი მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც კომპანიის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ მეშახტეების სამუშაო პირობები გაუმჯობესდებოდა, ხოლო დასაქმებულებს გაცდენილი სამუშაო დღეები აუნაზღაურდებოდათ.
მეტალურგთა, მეშახტე მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების განმარტებით, მაღაროელებმა საპროტესტო აქციების განახლება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც საბოლოოდ, კომპანიამ რამდენიმე გაცდენილი დღის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
“სრულად ანაზღაურდეს კომპანიის ბრალით გაცდენილი დღეები, დაუყოვნებლივ მოეწყოს ღია და საჯარო შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, გაგვაცნონ შახტის მდგომარეობის ამსახველი აუდიტორული დასკვნა და გვითხრან რა ღონისძიებები იგეგმება შახტის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად,”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მეშახტეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ფოტო: არქივი