“ენერგო-პრო ჯორჯიას” ქუთაისის აბონენტების 5%-ს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
კომპანიის განმარტებით, ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, ქუთაისის ელექტროენერგიის მოხმარება ერთ დღეში დაახლოებით 30 %-ით გაიზარდა, რამაც აბონენტთა ინდივიდუალური პრობლემები გამოიწვია.
“ამ დრომდე, ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბური წყვეტა ან ავარია არ მომხდარა. მოხმარების უეცარმა ზრდამ გამოიწვია ლოკალური, ინდივიდუალური ტექნიკური პრობლემები ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე. ქუთაისის მომსახურების ცენტრის ტექნიკური სამსახური უწყვეტად მუშაობდა ავარიების აღმოსაფხვრელად. ტექნიკური სამსახური ამ წუთებშიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს და გააგრძელებს იქამდე, სანამ ქუთაისში ყველა აბონენტს სტაბილურად არ მიეწოდება ელექტროენერგია,”-განაცხადეს კომპანიაში.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე